საავადმყოფოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ხუთშაბათს პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ პეშავარში სკოლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 27 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაიღუპა.
პეშავარის „Lady Reading“-ის საავადმყოფოდან მუჰამედ ასიმ ხანმა სააგენტო AFP-სთან საუბრისას დაადასტურა დაღუპულთა რაოდენობა და აღნიშნა, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან ექვსის მდგომარეობა კი კრიტიკულია.
როგორც ადგილობრივი გაზეთი „Dawn“-ი იტყობინება, ხანმა განაცხადა, რომ ყველა დაღუპული ბავშვი 13 წლის ან 13 წლამდე ასაკის იყო.
ხანის თქმით, საავადმყოფოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
სამაშველო სამსახურ „Rescue 1122“-ის სპიკერმა, ბილალ აჰმედ ფაიზიმ მანამდე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მაშველებმა დაახლოებით 20 ადამიანი, მათ შორის მოსწავლეები და მასწავლებლები, საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
რეგიონში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
პაკისტანში უსაფრთხოების ნორმების სიმწირისა და უხარისხო სამშენებლო მასალების გამოყენების გამო შენობების ჩამონგრევა ხშირად ხდება.
ივნისში, ლაჰორის კაჰნას რაიონში კერძო საგანმანათლებლო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 14 ბავშვი დაიღუპა.




















