პრეზიდენტმა ერდოღანმა მსოფლიო სასურსათო ფორუმის გახსნის ცერემონიაზე გაგზავნილ ვიდეომიმართვაში გამოსვლა მადლობით დაიწყო ყველა მონაწილის, განსაკუთრებით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიმართ, რომელმაც წვლილი შეიტანა ღონისძიების ორგანიზებაში.
პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა:
„ვიმედოვნებ, რომ დღეს დევიზით — „განახორციელე ინოვაცია, გამოკვებე ხვალინდელი დღე“ — ორგანიზებული მსოფლიო სასურსათო ფორუმი სასიკეთო შედეგების მომტანი იქნება კაცობრიობისთვის. /…/. კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვისა და სასურსათო უსაფრთხოების ისეთ კრიტიკულ სფეროებში, ჩვენი უმთავრესი საზრუნავია მომავალ თაობებს სიცოცხლისთვის ვარგისი მსოფლიო დავუტოვოთ. სამყაროში, სადაც ერთ მხარეს იმ მილიონობით ადამიანის გადარჩენისთვის ბრძოლას ვხედავთ, რომლებსაც ხმელი პურიც კი არ მოეპოვებათ, მეორე მხრივ კი საკვების ფლანგვა იზრდება — ვერც მშვიდობაზე, ვერც სიმშვიდესა და ვერც კეთილდღეობაზე ვერ ვისაუბრებთ. ამ რეალობიდან გამომდინარე, როგორც თურქეთი, უსაფრთხო საკვებზე ხელმისაწვდომობას განვიხილავთ არა მხოლოდ მიწოდების საკითხად, არამედ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ძირითად ელემენტად და ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს. /…/.
მსოფლიოში ყოველწლიურად 1,5 მილიარდი ტონა საკვები იფლანგება
გლობალური ანგარიშების თანახმად, საკვების ფლანგვის ყველაზე დიდი წილი, 60%-ის ოდენობით, ოჯახებში — ანუ მომხმარებლის დონეზე ხდება. მსოფლიოში ყოველწლიურად წარმოებული დაახლოებით 1,5 მილიარდი ტონა საკვები ან იკარგება, ან იფლანგება. ამიტომ, წარმოებაში ეფექტიანობასთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სურსათის დანაკარგებისა და ფლანგვის წინააღმდეგ ბრძოლას.
ჩვენ მიერ 2020 წელს დაწყებულმა ინიციატივამ — „დაიცავი შენი საკვები, გაუფრთხილდი შენს სუფრას“ — ძალიან მოკლე დროში დიდ პროგრესს მიაღწია. პურის ფლანგვის პრევენციის კამპანიის მეშვეობით პურის ფლანგვა 18%-ით შევამცირეთ. ჩემი მეუღლის, ემინე ერდოღანის ინიციატივით 9 წლის წინ დაწყებული მოძრაობის — „ნულოვანი ნარჩენის“ — მეშვეობით ჩვენ წვლილი შეგვაქვს ამ სფეროში გლობალური ცნობიერების ამაღლებაში.
წელს, 9-20 ნოემბერს ანტალიაში დაგეგმილი COP31-ის დროს, ჩვენ ვგეგმავთ ნაბიჯებს ჩვენი გამოცდილების პრაქტიკაში დასანერგად. ასევე, COP31-ის ფარგლებში ჩვენი ინიციატივით — „ფირუზისფერი კავშირი“ — მიზნად ვისახავთ სასურსათო უსაფრთხოებისა და კლიმატური ვალდებულებების საერთო პლატფორმაზე გაერთიანებას.
მხარდაჭერის მოწოდება მეჰდი ექერის FAO-ს გენერალური დირექტორის კანდიდატურაზე
როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცენტრალური აზიის ქვერეგიონული ოფისის მასპინძელმა ქვეყანამ, ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატურა ორგანიზაციის გენერალური დირექტორის არჩევნებისთვის. ველით თქვენს მხარდაჭერას ბატონი მეჰდი ექერის მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ამ მოსაზრებებით მსოფლიო სასურსათო ფორუმს წარმატებულ მუშაობას ვუსურვებ, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი კონსულტაციები სასიკეთო იქნება მთელი კაცობრიობისთვის, და კიდევ ერთხელ მოგესალმებით პატივისცემით“.




















