ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ორშაბათს განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ მიმართული დაახლოებით 1600 ახალი სანქცია დაამტკიცეს.
პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კალასმა ეს ნაბიჯი შეაფასა როგორც ევროკავშირის სანქციების სიის „ყველაზე დიდი გაფართოება“ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ.
„მათი ნახევარზე მეტი ბალისტიკური რაკეტების წარმოების ჯაჭვთან არის დაკავშირებული. ჩვენ მნიშვნელოვნად ვართულებთ, ვანელებთ და ვაძვირებთ რუსეთის მიერ იმ იარაღის წარმოებას, რომელსაც ის უკრაინელების დასახოცად იყენებს“, — აღნიშნა კალასმა.
ევროკავშირის საბჭომ ასევე გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება ქიმიური იარაღის გავრცელებისა და გამოყენების წინააღმდეგ მიმართული სანქციების ჩარჩოს ხუთი წლით, 2031 წლის 30 ოქტომბრამდე გაგრძელების შესახებ.
საბჭომ ამავე ჩარჩოს ფარგლებში ინდივიდუალური სანქციების მოქმედების ვადაც ერთი წლით, 2027 წლის 30 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა.
გავრცელებული განცხადების თანახმად, შემზღუდველი ზომები ამჟამად 31 ფიზიკურ პირსა და ექვს ორგანიზაციას მოიცავს.
სიაში შეყვანილი პირებისა და ორგანიზაციების აქტივები იყინება, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის პირდაპირი თუ ირიბი გზებით ფინანსური ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება.
სიაში მყოფ პირებზე ასევე ვრცელდება ევროკავშირში შესვლის (მოგზაურობის) აკრძალვა.
















