თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბურჰანეთინ დურანმა განაცხადა: „ისრაელის ხელისუფლების მუქარები, პროვოკაციები და ცილისმწამებლური კამპანიები ვერ შეცვლის ჩვენი ქვეყნის პოზიციას, რომელიც სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს დგას“.
დურანმა NSosyal-ის საკუთარ ანგარიშზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და თურქეთის მიმართ თავხედური გამონათქვამები, ისრაელში მოახლოებული არჩევნების წინ მათი პოლიტიკური უსუსურობის მაჩვენებელია.
დურანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებები ვერ გადაფარავს ღაზაში ისრაელის ხელისუფლების გენოციდურ საქმიანობასა და რეგიონში წარმოებულ აგრესიულ პოლიტიკას, და დასძინა:
„კაცის მიერ ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილე პირების ღიად სიკვდილით მუქარა, ისრაელის ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფის ახალი გამოვლინებაა. ეს უპასუხისმგებლო მიდგომა საერთაშორისო საზოგადოების აშკარა უგულებელყოფაა. ჩვენი პრეზიდენტის, ბატონი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით თურქეთი გააგრძელებს პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური უფლებების, სამართლიანობისა და მყარი მშვიდობის დაცვას. ისრაელის ხელისუფლების მუქარები, პროვოკაციები და ცილისმწამებლური კამპანიები ვერ შეცვლის ჩვენი ქვეყნის პოზიციას, რომელიც სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს დგას.“




















