სამხრეთ კორეის არმიამ განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ სავარაუდოდ ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდიდან ერთ კვირაზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეამ ორშაბათს იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ცნობით, გენერალურმა შტაბმა დაადგინა, რომ გაშვებები ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:20 საათზე (00:20 GMT) ფხენიანის რეგიონიდან განხორციელდა. რაკეტებმა 900 კილომეტრზე მეტი მანძილი დაფარეს.
სამხრეთ კორეის არმიამ აღნიშნა, რომ შესაძლო ახალი გაშვებების საპასუხოდ გააძლიერა სათვალთვალო აქტივობები, სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებს აშშ-სა და იაპონიას და ინარჩუნებს საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმს.
ეს გაშვებები მოჰყვა 3 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეის მიერ ვონსანიდან განხორციელებულ სარაკეტო გამოცდას, რომელიც ფხენიანმა შეაფასა როგორც წვრთნა იმ ქვედანაყოფებისთვის, რომლებიც ჰიპერბგერით სტრატეგიულ შეიარაღების სისტემას იყენებენ.
დაძაბულობა იზრდება
საკუთარი მოწინავე სარაკეტო შესაძლებლობების დემონსტრირების მიზნით, სამხრეთ კორეამ ხუთშაბათს საკუთარი ჰიპერბგერითი მფრინავი აპარატის (პლანერის) პირველი საცდელი გაშვება განახორციელა.
იაპონიამაც დააფიქსირა ორი სავარაუდო ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც ქვეყნის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის მიღმა ჩამოვარდა.
ბოლო გაშვებები განხორციელდა იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც 21 სექტემბერს დემილიტარიზებულ ზონაში მომხდარი ნაღმის აფეთქების შემდეგ გამწვავდა, რასაც სამი სამხრეთკორეელი ჯარისკაცის დაჭრა მოჰყვა.
გაეროს სარდლობასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი გამოძიების შემდეგ, სეულმა ჩრდილოეთ კორეის ჯარები ნაღმების განზრახ განთავსებაში დაადანაშაულა.
ფხენიანმა განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი არ არის, სეული აღნიშნული დასკვნების შეთითხვნაში დაადანაშაულა და გააფრთხილა, რომ ნებისმიერ საპასუხო სამხედრო ნაბიჯს კონტრდარტყმა მოჰყვება.
ჩრდილოეთ კორეას ორშაბათის გაშვებებთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.
















