ევროკავშირი (EU) 1 ნოემბრიდან ბლოკის გარედან შეკვეთილ მცირე ამანათებზე 2-ევროიან დამუშავების საფასურს დააწესებს.
ევროკომისიის საგადასახადო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, გაერთიანების წევრ ქვეყნებში განხორციელებულ ელექტრონული ვაჭრობის გზავნილებზე დამუშავების ახალი საფასურის ამოქმედება 2026 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყება.
საბაჟო რეფორმის ფარგლებში შემოღებული საფასურით ელექტრონული ვაჭრობის გაზრდილი გზავნილების შემოწმებისა და კონტროლის შედეგად წარმოქმნილი ხარჯები დაიფარება.
ამ ფარგლებში, ევროკავშირის გარედან შემოსულ ამანათებზე 2 ევროს ოდენობის დამატებითი საფასური დაწესდება. ეს თანხა საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ თითოეულ სასაქონლო პოზიციაზე ცალ-ცალკე დაიანგარიშება. იმ შემთხვევაში, თუ ერთ ამანათში სხვადასხვა დასახელების პროდუქტი აღმოჩნდება, დამუშავების საფასური თითოეულ მათგანზე ცალკე დაწესდება.
რეგულაცია ასევე გავრცელდება ელექტრონული ვაჭრობის იმ გზავნილებზეც, რომელთა ღირებულება 150 ევროს აღემატება.
დამუშავების ახალი საფასური ამოღებული იქნება იმ 3-ევროიანი დროებითი საბაჟო გადასახადისგან დამოუკიდებლად, რომელსაც ევროკავშირი 1 ივლისიდან დაბალი ღირებულების ელექტრონული ვაჭრობის გზავნილებზე აწესებს.
ამგვარად, ორივე რეგულაციაში მოქცეულ გზავნილზე ერთ სასაქონლო ერთეულზე 3 ევროს ოდენობის საბაჟო გადასახადს 2 ევროს ოდენობის დამუშავების საფასური დაემატება.
საბაჟო რეფორმით ევროკავშირი მიზნად ისახავს კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას გაზრდილი ელექტრონული ვაჭრობის მოცულობის ფონზე და გაერთიანების სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქციის შემოდინების უფრო ეფექტურ აღკვეთას.
2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებში მომხმარებლებზე პირდაპირ 5,9 მილიარდი დაბალი ღირებულების პროდუქტი გაიგზავნა, რომლის 90%-ზე მეტი ჩინეთიდან იყო შესული.
ევროკავშირი დიდი ხანია მუშაობს ახალი გადასახადის შემოღებაზე ჩინურ ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე (Temu, AliExpress) და ჩინეთში დაფუძნებულ ელექტრონული ვაჭრობის კომპანია Shein-ზე განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით.























