ჩინეთის ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში წუხელ მომხდარი 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, პირველადი მონაცემებით, 16 ადამიანი დაიღუპა.
სააგენტო „სინხუას“ ცნობით, მიწისძვრის შედეგად, რომლის ეპიცენტრი ტიბეტის ავტონომიური რეგიონის ნაგჩუს ოლქის ბაჩენის რაიონში მდებარეობდა, 300-ზე მეტი სახლი დაინგრა.
პირველადი მონაცემებით, სტიქიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 32 კი დაშავდა.
სტიქიის ზონაში 300 პოლიციელი და 347 მეხანძრე-მაშველი გაიგზავნა.
დაშავებულთაგან 11-ის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ხოლო 21 მსუბუქად დაშავებულ პირს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოებში გაეწია.
რეგიონში, სადაც სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება, არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
2025 წლის იანვარში ტიბეტის შიგაძეს ოლქის ტინგრიის რაიონში მომხდარი 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 120 ადამიანი დაიღუპა.




















