რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ისინი მზად არიან უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად, და აღნიშნა, რომ არა ცეცხლის შეწყვეტა, არამედ სამშვიდობო შეთანხმება და ორივე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სურთ.
პუტინმა სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია“-სთვის მიცემულ კომენტარში შეაფასა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი სიტყვები იმის თაობაზე, რომ ის „მზად არის ტერიტორიების დაკარგვას შეეგუოს“.
რუსეთის კონტროლქვეშ გადასულ ტერიტორიებზე საუბრისას პუტინმა თქვა: „ეს მათი (უკრაინის) მიწა არ არის. ეს ისტორიული რუსეთის მიწაა. გარდა ამისა, ამ მიწებზე მცხოვრებმა ადამიანებმა პირველ ეტაპზე სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, ხოლო მეორე ეტაპზე რუსეთის ფედერაციასთან ხელახლა გაერთიანებას მისცეს ხმა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ რაიმე ტერიტორიულ დანაკარგზე საუბარი უადგილოა“.
პუტინმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აღნიშნული ვითარება გახდა განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში ყველა სფეროში ანტირუსული კამპანიის მიზეზი, და აღნიშნა, რომ ახლა იგივე წრეები გამუდმებით საუბრობენ რუსეთისგან მომდინარე საფრთხესა და რუსეთთან ომისთვის მზადების დაწყებაზე.
რუსეთის პრეზიდენტმა თქვა: „ეს ერთგვარი პოლიტიკური შიზოფრენიაა. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ესეც გაივლის“.
„ყველა საკითხზე შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა“
პუტინმა განაცხადა, რომ ისინი ცდილობდნენ კიევს უკრაინის აღმოსავლეთით მცხოვრებ მოსახლეობასთან შეთანხმების მიღწევაში დახმარებოდნენ, თუმცა კიევმა ომი ამჯობინა: „ჩვენ შეთანხმებისთვის დღესაც მზად ვართ. მზად ვართ ვიპოვოთ ამ მძიმე, რთული ვითარების გადაჭრის გზები და შევთანხმდეთ. ეს ხალხი ჩვენთვის ძალიან ახლობელი ხალხია, გესმით? მეტი რა შეიძლება ითქვას? უახლესი გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ რუსები და უკრაინელები სინამდვილეში ერთი ხალხია“.
„ყველა საკითხზე შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა. ვფიქრობ, შეგვიძლია შევთანხმდეთ, ჩვენ ამას ვეთანხმებით“, — განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი შეასრულებენ საკუთარ ამოცანებს და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ყველა მიზანს მიაღწევენ.




















