ფილიპინების სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 4 ადამიანი გარდაიცვალა და 9 დაშავდა.
გამოძიების ეროვნული ბიუროს (NBI) განცხადებით, შეიარაღებული თავდასხმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ ზამბოანგას ერთ-ერთ სკოლაში გაკვეთილების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.
წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 2 მოსწავლე და 2 დაცვის თანამშრომელი დაიღუპა, 9 ადამიანი კი დაშავდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაწყებულია გამოძიება თავდასხმის მიზეზებისა და სკოლაში უსაფრთხოების შესაძლო ხარვეზების დასადგენად.
ფილიპინების პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოს უმცროსმა სამართალდამცავ უწყებებს თავდასხმის ფაქტზე ყოველმხრივი გამოძიების ჩატარება დაავალა.
მარკოსმა ასევე მოუწოდა ოფიციალურ პირებს, სკოლებთან და ადგილობრივ თემებთან თანამშრომლობით გააძლიერონ ზომები მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ქვეყანაში ივნისის თვეშიც მოხდა შეიარაღებული თავდასხმა სან-ხოსეს ეროვნულ სკოლაზე, რა დროსაც 3 მოსწავლე დაიღუპა და 5 დაშავდა. პოლიციამ აღნიშნა, რომ თავდასხმასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ამავე სკოლის მოსწავლე იყო.




















