გერმანიის მთავრობა გეგმავს დღის წესრიგში დააყენოს ძირეული რეფორმა, რომელიც ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოებს ფართო უფლებამოსილებებს მიანიჭებს ფარული ოპერაციების ჩასატარებლად და უცხოური საფრთხეების წინააღმდეგ სამოქმედოდ.
რეფორმები, რომლებიც რამდენიმე თვეა განიხილება, შეამსუბუქებს იმ მკაცრ წესებს, რომლებიც აქამდე გერმანიის საიდუმლო სამსახურებს ძირითადად მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებითა და ანგარიშების წარდგენით ზღუდავდა.
კანცლერ ფრიდრიხ მერცის კოალიცია ამტკიცებს, რომ უფრო ძლიერი სადაზვერვო სააგენტოები აუცილებელია მტრული უცხოური ძალების, აგრეთვე ტერორისტული ორგანიზაციებისა და კიბერკრიმინალებისგან მომდინარე საფრთხეებთან საბრძოლველად.
გერმანელი მაღალჩინოსნები მოსკოვს ქვეყნის წინააღმდეგ დივერსიების, ჯაშუშობისა და დეზინფორმაციისგან შემდგარი „ჰიბრიდული“ კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებენ; გერმანია რუსეთთან ომში უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო მხარდამჭერია.
პარლამენტის დაზვერვის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ ჰენრიხმანმა AFP-სთან საუბარში განაცხადა: „ჩვენ ინტენსიურ ჰიბრიდულ კონფლიქტში ვიმყოფებით არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ სხვა აქტორებთანაც. ამიტომ, ჩვენი სადაზვერვო სამსახურებიც უნდა ფეხდაფეხ მიჰყვნენ დროს და ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ“.
ჰენრიხმანმა აღნიშნა, რომ გერმანიის ფრთხილი მიდგომა ქვეყანას „უკან ტოვებს“ და მას ევროპულ უსაფრთხოებაში სათანადო წვლილის შეტანის შესაძლებლობას ართმევს.
მან ხაზი გაუსვა ცვლილებების მნიშვნელობას და მიუთითა ბოლო დროს მომხდარ ინციდენტებზე, როგორიცაა გასულ კვირას ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატის აღმოჩენა.
„ჩვენს წინაშე არიან მოწინააღმდეგეები, რომლებიც არანაირ წესებს არ ცნობენ“, - განაცხადა მან. „მათ არ გააჩნიათ პატივისცემა სამართლისა და წესრიგის მიმართ. მათი მიზანია არა მხოლოდ დასავლეთზე, ევროკავშირსა და გერმანიაზე ზეწოლა, არამედ, იდეალურ შემთხვევაში, მათი მუხლებზე დაჩოქება“.



















