მსოფლიოს დიდ ნაწილში დიზელის ფასები რეკორდულ ნიშნულებს აღწევს და პიკზეა. მსოფლიოს უმდიდრესმა ქვეყანამ — აშშ-მაც კი, მიუხედავად იმისა, რომ გააჩნია საცალო მომხმარებლის სახელმწიფო მხარდაჭერით დაცვის ეკონომიკური რესურსი, 28 თებერვალს ირანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დიზელის ფასების 70%-იანი ზრდა განიცადა.
თუმცა დიზელის კრიზისი გაცილებით მძიმე ფორმებში ვლინდება „გლობალურ სამხრეთში“, სადაც შედარებით ღარიბ ქვეყნებს არ გააჩნიათ საგანგებო მარაგები ან უზარმაზარი ფულადი რეზერვები, რათა მომხმარებლები საბაზისო საკვების მიწოდების ჯაჭვების, ტრანსპორტისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ შექმნილი ეგზისტენციალური საფრთხისგან დაიცვან. ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად ფილიპინებმა, ენერგეტიკული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, სხვებმა კი, როგორიცაა შრი-ლანკა, საწვავის განაწილება ბარათებით დაიწყეს. აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში საწვავის ფასებმა 150%-მდე მოიმატა. პაკისტანში მთავრობა დიზელზე ფასების ყოველდღიური გადახედვის მექანიზმზე გადავიდა — დიზელი იქ დღეს 40%-ით უფრო ძვირია, ვიდრე აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასაწყისში იყო.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ წარსულში მომხდარი ფასების შოკებისგან განსხვავებით — რომლებსაც ძირითადად ნედლ ნავთობზე დაწესებული შეზღუდვები განაპირობებდა — დიზელის ფასების ამჟამინდელი ზრდა ნაწილობრივ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრეების დეფიციტითაა გამოწვეული.
ირანისა და მისი მოკავშირეების დრონებითა და რაკეტებით განხორციელებულმა შეტევებმა მიზანში ამოიღო ქუვეითში, საუდის არაბეთში, კატარსა და ბაჰრეინში მდებარე ნედლი ნავთობის გადამამუშავებელი მსხვილი ობიექტები.
რუსული გადამამუშავებელი ქარხნებიც, პროცესში, რომელსაც „ენერგეტიკულ ომს“ უწოდებენ, უკრაინის თავდასხმების სერიის სამიზნე გახდა; რუსული ქარხნები ამჟამად თავიანთი სიმძლავრეების მხოლოდ 60%-ით მუშაობენ.
იმის ფონზე, რომ ბენზინს ძირითადად მსუბუქი ავტომობილები მოიხმარენ, დიზელის ფასის ბენზინზე მეტად ზრდას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: პირველი — დიზელის მიწოდება ირანის ომის დაწყებამდეც უფრო შეზღუდული იყო, ვიდრე ბენზინისა; მეორე — თავდასხმების ქვეშ მოქცეული ყურის ქვეყნების რაფინერიები ბენზინთან შედარებით მეტ დიზელს აწარმოებდნენ. სხვა არცერთ ქვეყანას არ აღმოაჩნდა თავისუფალი სიმძლავრეები, რომელთა დაუყოვნებლივ გამოყენებითაც წარმოების დანაკარგი დაკომპენსირდებოდა.
შედეგად, გლობალური ბაზრიდან ახლო აღმოსავლეთისა და რუსეთის წარმოშობის მილიონობით ბარელი დიზელი გაქრა.
დეფიციტთან საბრძოლველად, აშშ-მა — მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი სანქციები სხვა შემთხვევაში მოსკოვს მსოფლიო მასშტაბით ენერგომატარებლების გაყიდვის შესაძლებლობას უზღუდავს — რუსეთთან დიზელის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 11 ოქტომბერს რუსეთსა და უკრაინას შორის „ენერგეტიკული ზავი“ გამოაცხადა, თუმცა უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ შეთანხმების დეტალების სანახავად ჯერ კიდევ ელოდება ინფორმაციას.
რესურსული ნაციონალიზმი თავს იჩენს
ანალიტიკოსების შეფასებით, გლობალურმა დიზელის კრიზისმა „რესურსული ნაციონალიზმის“ ტალღა გამოიწვია, რომლის ფარგლებშიც წამყვანი მწარმოებლები მიწოდებას ზღუდავენ და გლობალური ნავთობგადამუშავების მარჟები (crack spread) ისტორიულ მაქსიმუმამდე აჰყავთ. გასულ თვეს მოსკოვმა დიზელის ექსპორტის მკაცრი აკრძალვა ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში გაახანგრძლივა და აღნიშნა, რომ მიწოდება სრულად მანამ არ აღდგება, სანამ დასავლური სანქციები არ მოიხსნება. ანალოგიურად, პეკინმაც დროებით შეაჩერა საწვავის ექსპორტი, რათა პრიორიტეტი შიდა ბაზრის მარაგებისთვის მიენიჭებინა.
სანამ რუსეთთან დიზელის იმპორტის შეთანხმებას გააფორმებდა, აშშ-მა მკაცრი ზეწოლა მოახდინა თავის ევროპელ მოკავშირეებზე, რათა მათ სტრატეგიული რეზერვები გამოეყენებინათ; პარალელურად კი აშშ-ის მხრიდან დიზელის ექსპორტის აკრძალვის მუქარით გლობალური განგაში გამოიწვია.
თურქული ჰოლდინგის, „IC Holding-ის“ (რომელსაც ენერგიის წარმოებისა და განაწილების მიმართულებები აქვს) ეკონომისტი და მთავარი მრჩეველი ბარიშ ალფასლანი ერთმანეთისგან მიჯნავს რესურსულ სუვერენიტეტსა და რესურსულ ნაციონალიზმს.
„TRT World-თან“ საუბარში ალფასლანი ამბობს: „მიმაჩნია, რომ ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ რესურსული სუვერენიტეტის ლეგიტიმური გამოყენება და რესურსული ნაციონალიზმის უფრო ფართო შედეგები“. მისი თქმით, განსაკუთრებით მასშტაბური კრიზისის დროს შიდა მიწოდების დაცვა ბუნებრივი მოვალეობაა, თუმცა პრობლემა მაშინ იქმნება, როდესაც ამას მრავალი ქვეყანა ერთდროულად აკეთებს.
„საექსპორტო აკრძალვებმა შესაძლოა გეოპოლიტიკური კრიზისის ეკონომიკური ხარჯების ნაწილი იმ ქვეყნებს გადააკისროს, რომლებსაც ამ კრიზისის წარმოშობაში თითქმის ან საერთოდ არანაირი როლი არ ჰქონიათ — განსაკუთრებით აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის უფრო ღარიბ, საწვავის იმპორტიორ ეკონომიკებს“, — აცხადებს ალფასლანი. მისი თქმით, დიზელის მაღალი ფასები მყისიერად აისახება გადაზიდვების ხარჯებზე, საკვების ფასებსა და საერთო ინფლაციაზე.
„გლობალური სამხრეთის იმედგაცრუება გასაგებია. ამ ქვეყნების უმეტესობა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე ფასის მიმღების როლშია და გააჩნია შეზღუდული ფისკალური რესურსი, რათა საკუთარი მოსახლეობა საგარეო ფასების შოკებისგან დაიცვას“, — აღნიშნავს ალფასლანი.
იგი ხაზს უსვამს, რომ კოლექტიური შედეგი შესაძლოა კიდევ უფრო ღრმა გლობალური დეფიციტი იყოს, სადაც ყველაზე ღარიბი და იმპორტზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ეკონომიკები, როგორც წესი, ტვირთის არაპროპორციულად დიდ წილს იღებენ საკუთარ თავზე.
ახალი გამყოფი ხაზები
იბნ ხალდუნის უნივერსიტეტის ჰეიდარ ალიევის სახელობის ევრაზიული კვლევების ცენტრის დირექტორი, იაშარ სარი, „TRT World-თან“ განმარტავს, რომ დიზელზე წვდომა ქვეყნებს უკვე აიძულებს „ალიანსები იდეოლოგიის ნაცვლად საწვავით მომარაგების გარშემო შექმნან“.
სარი მიუთითებს ინდოეთის იმპორტზე დამოკიდებულებაზე (რომელიც მისი ნედლი ნავთობის მოთხოვნის 80%-ზე მეტს შეადგენს) და იმ წნეხზე, რომელსაც საგარეო დიპლომატიის დაბალანსება ქმნის BRICS-ის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებებისას — ბლოკში, რომელიც უმეტესად გლობალური სამხრეთის განვითარებადი ეკონომიკებისგან შედგება.
მაისში გამართულ BRICS-ის სამიტზე ერთობლივი კომუნიკე არ მიუღიათ და მხოლოდ „ზოგიერთ წევრს შორის არსებულ განსხვავებულ შეხედულებებზე“ გაკეთდა მითითება, მაშინ როცა ბლოკში სრულუფლებიანი წევრის სტატუსით შედის როგორც ირანი, ისე არაბთა გაერთიანებული საამიროები.
სარის თქმით, საერთო დეკლარაციის არარსებობა აჩვენებს, რომ ენერგოუსაფრთხოების პრობლემები რეგიონულ ერთიანობას ასუსტებს.
იგი დასძენს, რომ ჩინეთის უზარმაზარი მარაგები, რომლებიც დაახლოებით 1,49 მილიარდ ბარელადაა შეფასებული (უმთავრესად ნედლი ნავთობის სახით), პეკინს საშუალებას აძლევს, პროდუქცია შიდა ბაზარზე შეინარჩუნოს.
მისი თქმით, ევროპული ქვეყნები დიზელის უდიდეს საგანგებო რეზერვებს ფლობენ — საფრანგეთსა და გერმანიაზე ერთად ევროკავშირის სტრატეგიული მარაგების მესამედზე მეტი მოდის. ამერიკული სახელმწიფო მარაგები კი არა გლობალურ საცავს, არამედ მაქსიმუმ რეგიონულ ფარს უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ ახდენდა აშშ ზეწოლას საფრანგეთსა და გერმანიაზე, რათა მათ ეს მარაგები გამოეყენებინათ, მაშინ როცა თავად აშშ-ის მიერ დიზელის ექსპორტის შეზღუდვა ნოემბრის პირველ კვირაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ პოლიტიკურ კოზირად რჩებოდა.
სარი იხსენებს 1973 წლის არაბულ ნავთობის ემბარგოს, როდესაც სპარსეთის ყურის მწარმოებლებმა ისრაელის მხარდამჭერ ქვეყნებს მიწოდება შეუწყვიტეს. თუმცა იგი ხაზს უსვამს განსხვავებას მაშინდელ და ახლანდელ ვითარებას შორის: „საწვავის იარაღად გამოყენება დღეს დაკავშირებულია არა მწარმოებლების მხრიდან მიწოდების შეკავებასთან, არამედ იმპორტიორების მხრიდან მის დაგროვებასთან — ეს არის შებრუნებული ემბარგოს პროცესი, რომლის დროსაც მოწყვლადი ქვეყნები დარჩენილი რესურსების მოსაპოვებლად იბრძვიან“.
ალფასლანის თქმით, ენერგიაზე წვდომა სულ უფრო მეტად იქცევა გეოპოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტად.
მთავრობა, რომელსაც ფერმებისთვის, სატვირთო გადაზიდვებისთვის ან ელექტროენერგიისთვის დიზელი აკლია, უფრო ლოიალური შეიძლება გახდეს იმ მომწოდებლის მიმართ, რომელსაც საიმედო მიწოდების ან ხელსაყრელი ფინანსური პირობების შეთავაზება შეუძლია.
მისი შეშფოთება უკავშირდება იმას, რომ ენერგეტიკულმა დაუცველობამ შესაძლოა შეზღუდოს ღარიბი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური მანევრირების შესაძლებლობები.
„მთავარი გამოცდა ის იქნება, განაგრძობს თუ არა საბაზისო საწვავზე წვდომა სანდო ვაჭრობითა და კომერციული მოსაზრებებით მართვას, თუ სულ უფრო მეტად გადაიქცევა პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად“, — აცხადებს ალფასლანი.
გადარჩენა ომების მიღმა
სარის თქმით, მაშინ როცა ჩინეთსა და სამხრეთ კორეას შეუძლიათ დაიცვან შიდა ბაზარი და შეზღუდონ ექსპორტი, ამის გაკეთება არ შეუძლიათ ინდონეზიას, ფილიპინებს, ბანგლადეშსა და ეთიოპიას. „საწვავზე წვდომა არ ქმნის მკაფიო გეოპოლიტიკურ გამყოფ ხაზს, მაგრამ ის აჩქარებს ფრაგმენტაციას, სადაც თითოეული ქვეყნის გადარჩენის სტრატეგია მისი რეზერვებითა და გადახდისუნარიანობით განისაზღვრება“, — აღნიშნავს იგი.
რამდენ ხანს შეიძლება ამ ვითარების მართვა?
სარი მიიჩნევს, რომ გლობალური ეკონომიკისთვის გამანადგურებელი ზიანის მიყენების გარეშე ამ კრიზისის მართვის დროის მონაკვეთი მეტად ვიწროა — სავარაუდოდ, ის თვეებით კი არა, კვირებით იზომება. მისი თქმით, პოლიტიკური შეთანხმებაც კი ვერ შეძლებს ნორმალური ვითარების სწრაფად დაბრუნებას. G7-ის მიერ 100 მილიონი ბარელის ბაზარზე გამოშვებას ის მხოლოდ დროის მოსაგებ ჟესტად მიიჩნევს.
სარი აცხადებს, რომ ორივე ომის დღესვე დასრულება საომარ პრემიას მყისიერად გააუქმებდა.
თუმცა, იგი ასკვნის: „დაზიანებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, შეფერხებული საზღვაო გადაზიდვებისა და სავაჭრო ნაკადების სტრუქტურული ცვლილებების გამო, ფიზიკური მიწოდების აღდგენას თვეები და წლებიც კი დასჭირდება“.




















