ჰაკის განცხადებით, ღაზის ყველა რაიონში, ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, გუშინ და გუშინწინ არაერთი საჰაერო დარტყმა, საარტილერიო ცეცხლი, შენობების აფეთქებით განადგურება, ზღვიდან ცეცხლის გახსნა და შეიარაღებული თავდასხმა დაფიქსირდა. მისი თქმით, ეს დარღვევები განსაკუთრებით „ყვითელი ხაზის“ დასავლეთით მოხდა.
„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ყოველთვის უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ჰაკმა.
ჰაკის თქმით, გაერო და მისი პარტნიორები ღაზაში სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთების მიწოდებას განაგრძობენ, თუმცა ჰუმანიტარული დახმარების მარაგი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისია.
გაეროს პრესსპიკერის განცხადებით, პარტნიორები აღნიშნავენ, რომ დახმარების მიწოდება არასაკმარისი დაფინანსებისა და ისრაელის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ფერხდება. მათ შორისაა ისეთი კრიტიკული საქონლის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები, როგორიცაა ძრავის ზეთი და სათადარიგო ნაწილები, ასევე ღაზის ტერიტორიის 64 პროცენტზე მეტ ნაწილზე წვდომის შეზღუდვა.




















