რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას მოლაპარაკება არ სურს და აღნიშნა: „კიევის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მშვიდობაზე საუბრობენ და მოლაპარაკებების განახლებას გვთავაზობენ, თუმცა დანაშაულებრივი ქმედებებით ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მშვიდობა არ დამყარდეს და მოლაპარაკებები არ შედგეს“.
შეხვედრაზე გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ საგარეო საფრთხეები იზრდება და დასძინა: „ნატო ფართოვდება და ახლა უკვე მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც შედის“.
პუტინმა შეახსენა დამსწრეებს, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი აკეთებს განცხადებებს რუსეთთან ომისთვის მზადების შესახებ და განაცხადა:
„ჩემი აზრით, ისინი ცდილობენ, საკუთარი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის შეცდომები დაფარონ და დაცემული საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღიდგინონ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან წარმატებულები არიან. ეს არ მუშაობს. ეს ლიდერები, ნაცვლად იმისა, რომ მოუსმინონ საკუთარ მოქალაქეებს, რომლებმაც არჩევნებზე აჩვენეს, რომ რუსეთთან ომი არ სურთ, აგრძელებენ დაძაბულობის ესკალაციას და ამისთვის უკრაინაში არსებულ ვითარებას და უკრაინელებს სატყუარად იყენებენ“.
პუტინმა თქვა, რომ ევროპული ქვეყნები უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გაღებული ხარჯების გასამართლებლად ყველა შესაძლო მეთოდს მიმართავენ: „მათი ერთ-ერთი მთავარი თეზისი არის ე.წ. „რუსული საფრთხე“. რუსეთს არ აქვს ევროპაზე ან ევროპულ ქვეყნებზე თავდასხმის განზრახვა. ამისთვის არანაირი საფუძველი არ გვაქვს. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ევროპელ მეზობლებთან ურთიერთობების აღსადგენად“.
„კიევის ადმინისტრაციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს“
პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინაში არჩევნები არ ტარდება, კიევის ადმინისტრაცია ამ საკითხში არ ჩქარობს და ცდილობს რუსეთში მიმდინარე არჩევნებსაც შეუშალოს ხელი.
ვლადიმერ პუტინმა დაასკვნა: „კიევის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საუბრობენ მშვიდობაზე და გვთავაზობენ მოლაპარაკებების განახლებას, თუმცა დანაშაულებრივი ქმედებებით ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მშვიდობა არ დამყარდეს და მოლაპარაკებები არ შედგეს. როგორც ჩანს, მათ მოლაპარაკება არ სურთ“.



















