რუსეთმა და უკრაინამ ღამის განმავლობაში ერთმანეთს დარტყმები მიაყენეს. უკრაინამ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა, ხოლო რუსულმა ძალებმა უკრაინის მასშტაბით სამრეწველო ობიექტებს, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და საზღვაო სამიზნეებს დაარტყეს.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა შაბათს განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შუაღამიდან მოყოლებული დედაქალაქისკენ მიმავალი 195 უკრაინული დრონი შეაჩერეს და გაანადგურეს.
სობიანინის თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები დრონების ჩამოცვენილ ნამსხვრევებს ამოწმებენ.
რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (Rosaviatsiya) განაცხადა, რომ მოსკოვის დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტებში ფრენები დროებით შეჩერდა.
რუსეთის თავდასხმების სამიზნე უკრაინის ინფრასტრუქტურა გახდა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ღამის განმავლობაში უკრაინაში არსებულ სამიზნეებზე ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელეს. მათ შორის დაიბომბა ქალაქ კრივოი-როგში მდებარე ქვეყნის უდიდესი ფოლადის ქარხანა და ოდესის პორტში შემავალი გემები.
ფოლადის გიგანტის, ArcelorMittal-ის კუთვნილმა კრივოი-როგის ქარხანამ სექტემბერში, რუსეთის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტების სერიული დარტყმების შემდეგ, ფუნქციონირება შეაჩერა.
კომპანიას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების მოთხოვნაზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დაიბომბა ელექტროქვესადგური ჟიტომირში და კიდევ ერთი ფოლადის ქარხანა ზაპოროჟიეში.
სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ შავ ზღვაში დარტყმა მიაყენეს სატვირთო გემსაც, რომელსაც, მათი მტკიცებით, ოდესაში სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა.
შაბათს, მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებაში, უწყებამ აღნიშნა, რომ დარტყმები ასევე განხორციელდა ლუცკში მდებარე ავტომობილების სარემონტო ქარხანაზე, ქვეყნის დასავლეთში, ტერნოპოლის რეგიონში მდებარე ელექტროქვესადგურზე და ოდესის სამხრეთით მყოფ კიდევ ერთ სატვირთო გემზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ აღნიშნულ გემს სამხედრო დანიშნულების ტვირთთან ერთად ორმაგი (როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო) დანიშნულების მასალებიც გადაჰქონდა.




















