მსოფლიოში უძველესი ჩაძირული გემის აღმომჩენი თურქი არქეოლოგი
ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ
კითხვის დრო 6 წუთი
მსოფლიოში უძველესი ჩაძირული გემის აღმომჩენი თურქი არქეოლოგიაქდენიზის უნივერსიტეტის პროფესორი ჰაქან ონიზი განმარტავს, თუ როგორ ეხმარება ანტიკური ამფორების ნაშთები მკვლევრებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და მთლიანად ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების კვლევაში.
აღმოჩენის უკან აკდენიზის უნივერსიტეტის პროფესორი ჰაქან ონიზი დგას, რომელიც ხმელთაშუა ზღვის არქეოლოგიური ასოციაციის ექსპედიციას ხელმძღვანელობდა. / AA

ათასობით წლის წინ ხმელთაშუა ზღვაში ტვირთმზიდი გემი დანიშნულების ადგილამდე მიღწევამდე ჩაიძირა. გემის ტვირთი ზღვის ფსკერზე დარჩა და შემოინახა ცნობები იმ სავაჭრო სამყაროს შესახებ, რომელიც ანტიკური ხანის დიდი საზღვაო ძალების აღზევებამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა.

დღესდღეობით არქეოლოგები, რომლებიც თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან არსებულ ჩაძირულ გემს იკვლევენ, მიიჩნევენ, რომ ეს ნაშთი შესაძლოა მსოფლიოში ცნობილი უძველესი გემის ნამსხვრევები იყოს, რომლებიც 4 700 წლის წინანდელ პერიოდს განეკუთვნება. ამ აღმოჩენამ შესაძლოა უნიკალური წარმოდგენა შეგვიქმნას საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო ქსელების ჩასახვაზე.

ამ აღმოჩენის უკან დგას აქდენიზის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ჰაქან ონიზი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის არქეოლოგიური კვლევების საზოგადოების გათხრების ხელმძღვანელია.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან ის ლევანტსა და ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა რეგიონებს შორის საზღვაო ვაჭრობის პირდაპირ მტკიცებულებას გვაწვდის“, — ამბობს ონიზი.

ანტალიაში, კუნძულ ქექოვას სანაპიროსთან ნაპოვნმა გემის ნაშთებმა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ისტორიკოსებში, რომლებიც ანტიკურ ცივილიზაციებსა და მათ ურთიერთქმედებას სწავლობენ. ჩაძირული გემის ნაშთებს შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია იმ სავაჭრო ურთიერთობებსა და საქონლის მოძრაობაზე, რომლებიც დიდი პირამიდის აგების ხანაში არსებულ უძველეს სანაპირო დასახლებებს აკავშირებდა.

მთელი ცხოვრების გატაცება

პროფესორ ონიზის ყოფნა ამ აღმოჩენის სათავეში, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. ბედისწერამ იგი ამ გზაზე ჯერ კიდევ ბავშვობაში დააყენა. ონიზისთვის ეს აღმოჩენა წყალქვეშ დამალული ისტორიის მიმართ ბავშვობიდან არსებული ინტერესის კულმინაციაა.

„ჩემი ისტორია წყალქვეშა არქეოლოგიასთან ხუთი-ექვსი წლის ასაკში დაიწყო“, — ამბობს ონიზი და ამატებს: „მამამ მიყიდა ყვინთვის დიდი ნიღაბი, რომელიც მთელ სახეს მიფარავდა“.

ესქიშეჰირში დაბადებული ონიზი აღნიშნავს, რომ არდადეგებს მუდამ ზღვის პირას ატარებდა. ბავშვობიდანვე მოხიბლული იყო იმ ობიექტებით, რომლებსაც წყალქვეშ ხვდებოდა.

„როდესაც წყალქვეშ ფერად-ფერად ქვებსა და თიხის ჭურჭლის ნამსხვრევებს ვპოულობდი და ვაცნობიერებდი, რომ ეს წარსული დროიდან შემორჩენილი ნივთები იყო, წარმოუდგენლად ვღელავდი“, — ამბობს ის და დასძენს: „იმ დღიდან მოყოლებული მაინტერესებს წყალქვეშა არქეოლოგია და ზღვის სიღრმეში არსებული ისტორიული საგნები“.

ამ ადრეულმა გატაცებამ დროთა განმავლობაში მისი აკადემიური კარიერაც განსაზღვრა. ონიზმა არქეოლოგია შეისწავლა, ხოლო მაგისტრატურა და დოქტორანტურა კონიის სელჩუკის უნივერსიტეტში დაასრულა. თუმცა კონიის ზღვიდან დაშორება წყალქვეშა კვლევებზე ორიენტირებული მიმართულების განვითარებისთვის ხელსაყრელი არ იყო.

ონიზი ამ პროცესს ასე იხსენებს: „წყალქვეშა არქეოლოგია ზღვასთან უფრო ახლოს მდებარე უნივერსიტეტში უნდა გაგრძელებულიყო. იუნესკოს თურქეთის ეროვნული კომისიის იმდროინდელი თავმჯდომარის, მუნირ ქარალოღლუს მხარდაჭერით, საშუალება მოგვეცა, კონიაში შექმნილი ინფრასტრუქტურა ანტალიაში გადაგვეტანა“.

ამ ნაბიჯმა საფუძველი ჩაუყარა წყალქვეშა არქეოლოგიის კვლევებს აქდენიზის უნივერსიტეტში, სადაც ეს მიმართულება მანამდე ასე განვითარებული არ იყო.

უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის კვლევითი ცენტრი (დეპარტამენტი) დღეს სპეციალიზებულ განათლებას სთავაზობს წყალქვეშა არქეოლოგიის მიმართულებით. ონიზის თქმით, ეს თურქეთში ამ სფეროს ერთადერთი დეპარტამენტია და პროგრამაზე დაახლოებით 50 სტუდენტი სწავლობს. „თურქეთის წყალქვეშა არქეოლოგები აქ იზრდებიან“, — აღნიშნავს ონიზი.

დეპარტამენტის საქმიანობა მხოლოდ სწავლებით არ შემოიფარგლება. უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ლაბორატორია უზრუნველყოფს ზღვიდან ამოღებული ექსპონატების კონსერვაციასა და რესტავრაციას, რაც მომავალი თაობებისთვის მათ შენახვასა და შესწავლას ხდის შესაძლებელს. სწორედ ამ საკონსერვაციო სამუშაოებმა შეუწყო ხელი კუნძულ ქექოვას სანაპიროსთან აღმოჩენილი გემის ნაშთების ასაკის დადგენას.

ორი ჩაძირული გემის ამბავი

აღმოჩენის მნიშვნელობა თავიდანვე ვერ გააცნობიერეს. როდესაც ჯგუფმა ნამსხვრევები პირველად დაახლოებით ოთხი წლის წინ იპოვა, ზღვის ფსკერზე მიმოფანტული თიხის ჭურჭელი გაცილებით გვიანდელ პერიოდს მიეკუთვნებოდა.

„თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ ეს ოსმალეთის იმპერიის ხანის, შედარებით გვიანდელი ჩაძირული გემი იყო“, — ამბობს ონიზი და დასძენს: „ამფორები, ანუ თიხის ჭურჭელი, არ ჰგავდა სხვა გემებიდან ჩვენთვის ცნობილ წვეტიან ან მრგვალ ფორმებს. ისინი ბრტყელძირიანი იყო, ასეთი ჭურჭელი კი, როგორც წესი, ოსმალეთის ეპოქასთან, განსაკუთრებით კი გვიანდელ ოსმალურ პერიოდთან ასოცირდება“.

ჯგუფმა ტერიტორიის დოკუმენტირება მოახდინა, თუმცა ტვირთის რეალური ასაკი მაშინვე ვერ დაადგინა.

გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც მკვლევრებმა სხვა ჩაძირული გემის შესწავლისას ეგვიპტიდან მიღებული არქეოლოგიური წყაროების გამოკვლევა დაიწყეს.

„გასულ წელს, სხვა ჩაძირულ გემთან დაკავშირებით ეგვიპტურ წყაროებს რომ ვიკვლევდით, წავაწყდით ამფორებს, რომლებიც ძალიან ჰგავდა ქექოვაში ნაპოვნებს“, — ამბობს ონიზი.

მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეში ნაპოვნი გემი მსგავს პერიოდს ეკუთვნის, მიიჩნევა, რომ თურქეთში აღმოჩენილი ნამსხვრევები გაცილებით ძველია.

მკვლევრებმა ადგილის ხელახლა მოსანახულებლად თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსგან ნებართვა მიიღეს. ჩატარებულმა დეტალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჭურჭელი ჰგავდა ადრეული ბრინჯაოს ხანის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის (ლევანტის) რეგიონთან დაკავშირებულ ამფორებს.

„როდესაც ჩაძირულ გემს დავუბრუნდით, დავინახეთ, რომ ამფორები ნამდვილად ლევანტში გავრცელებული ტიპის ნიმუშები იყო“, — ამბობს ონიზი. „ეს იყო ლევანტური ამფორებისთვის დამახასიათებელი გვერდითა სახელურებიანი ბრტყელძირიანი ჭურჭელი“. ასაკისა და სავარაუდო წარმომავლობის დასადგენად ჯგუფმა გამოიყენა ჭურჭლის ორნამენტები, თიხის შემადგენლობა და მსგავს კერამიკასთან შედარებითი ანალიზი.

„ტიპოლოგიასა და ამფორებზე არსებულ ორნამენტებზე დაყრდნობით, ჩაძირული გემი ძვ. წ. 2700–2400 წლებით დავათარიღეთ“, — განაცხადა ონიზმა. მან ასევე დასძინა, რომ ჯგუფის ამჟამინდელი შეფასებით, ამავე პერიოდით დათარიღებული სხვა ცნობილი ჩაძირული გემი არ არსებობს. „რა თქმა უნდა, რამდენიმე წელიწადში ან შესაძლოა 20-30 წლის შემდეგ უფრო ძველი გემიც აღმოაჩინონ. ეს ყოველთვის შესაძლებელია. მაგრამ ამჟამინდელი მონაცემებით, რაც ვიცით, ესაა“.

აღმოსავლეთხმელთაშუაზღვისპირელი ვაჭრის ტვირთი

მიუხედავად იმისა, რომ თავად გემი თავდაპირველი სახით აღარ არის შემორჩენილი, ამოღებული საგნები გემის ასაკზე ბევრად მეტს ავლენს. მათ შორის არსებულმა განსხვავებებმა შესაძლოა ნათელი მოჰფინოს იმას, თუ როგორ შეგროვდა ტვირთი გემის გამგზავრებამდე.

ამოღებულ ჭურჭელს საერთო ფორმა აქვს, თუმცა ისინი სრულიად იდენტური არ არის. მათი ორნამენტები და თიხის შემადგენლობა განსხვავებულია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ერთი საწარმოო ცენტრის ნაცვლად, სხვადასხვა დასახლებაში შეიძლებოდა დამზადებულიყო. ონიზი ამ ვითარებას ასე ხსნის: „ამფორები სრულიად ერთნაირი არ არის. მათი ზოგადი ტიპოლოგია მსგავსია, მაგრამ ორნამენტები, მოხატულობა და თიხა განსხვავდება“. არქეოლოგისთვის ეს მრავალფეროვნება ტვირთის მფლობელი ვაჭრის საქმიანობაზე მიანიშნებს.

„სავარაუდოა, რომ მცირე მეწარმე ვაჭარი ლევანტის სხვადასხვა დასახლებას შორის მოგზაურობდა, ერთი ადგილიდან სამი, მეორიდან კი ოთხი ამფორა შეაგროვა და შემდეგ გემზე დატვირთა“, — ამბობს ონიზი.

ეს ჭურჭელი შესაძლოა თანამედროვე სამხრეთ სირიის, ლიბანისა და პალესტინის სანაპიროების პორტებიდან იყოს წამოსული; შესაძლოა ზოგიერთი მათგანი იორდანეს ველზეც (შარიას ხეობაში) ყოფილიყო დამზადებული. ვარაუდობენ, რომ მათში ზეითუნის ზეთი ან ღვინო ინახებოდა, ფისის არსებობა კი ნაკლებად სავარაუდოა.

ჩაძირვის მომენტში გემი, როგორც ჩანს, დასავლეთისკენ მიცურავდა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო დანიშნულების წერტილი უცნობია, ონიზი აღნიშნავს, რომ მარშრუტი შესაძლოა ტროასკენ ან მინოსური ცივილიზაციის ცენტრისკენ — კრეტასკენ ყოფილიყო მიმართული.

ეს აღმოჩენა უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან ლევანტს, კრეტასა და ტროას შორის ვაჭრობის არსებობა რეგიონის მასშტაბით არქეოლოგიურ ადგილებში ნაპოვნი ნივთების წყალობით უკვე ცნობილი იყო. ნაკლებად ნათელი კი ის იყო, თუ როგორ გადაჰქონდათ ეს საქონელი.

„აქამდე ამ რეგიონებს შორის ვაჭრობის შესახებ ვიცოდით, რადგან ერთი რეგიონის ნივთებს სხვაგან ვპოულობდით“, — განაცხადა ონიზმა. „თუმცა ეს ჩაძირული გემი გვაწვდის პირდაპირ მტკიცებულებას იმისა, რომ საქონლის გადაზიდვა საზღვაო გზით ხდებოდა“.

დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული საზღვაო გზა

აღმოჩენის მიერ წამოჭრილი ერთ-ერთი კითხვა საზღვაო გადაზიდვებსა და სახმელეთო ვაჭრობას შორის კავშირს ეხება.

ზოგიერთი თეორიის მიხედვით, საქონელი ლევანტსა და ტროას შორის გადაადგილდებოდა საქარავნო გზად წოდებული ქსელის მეშვეობით. ონიზი აღნიშნავს, რომ ასეთი მარშრუტები შესაძლოა მართლაც არსებობდა და ჩაძირული გემი არ უნდა იქნას აღქმული იმის მტკიცებულებად, რომ ეს გზები არ არსებობდა. „შესაძლოა მართლაც არსებობდა ასეთი მარშრუტი“, — ამბობს ის. „ჩვენს კოლეგებს სჯერათ მისი არსებობის და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მოიპოვება. ეს ცალკე საკითხია“.

ამასთან ერთად, გემის ნამსხვრევები ნათლად აჩვენებს, თუ რატომ შეეძლო ზღვას გარკვეული სახის ტვირთის გადაზიდვისთვის უფრო ეფექტური ალტერნატივა შეეთავაზებინა.

„თუ გადასაზიდი გაქვთ 30 ან 40 ამფორა, მათი გემით გაგზავნა გაცილებით მარტივია, ვიდრე ხმელეთით გადატანა“, — აღნიშნავს ონიზი.

ქექოვას ჩაძირულ გემზე ამ დრომდე დაახლოებით 30 თიხისა და კერამიკის ობიექტია გამოვლენილი. შემდგომმა კვლევებმა შესაძლოა დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდოს ტვირთისა და მოგზაურობის მასშტაბის შესახებ. ონიზისთვის ამ საქმის უმნიშვნელოვანესი ასპექტი არის შესაძლებლობა, გასცდნენ მხოლოდ ხმელეთზე ნაპოვნ ობიექტებზე დაფუძნებულ ვარაუდებს.

„ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ლევანტსა და ისეთ ადგილებს შორის, როგორიცაა კრეტა და ტროა, არსებობდა სავაჭრო კავშირები“, — ამბობს ონიზი და ამატებს: „ეს ჩაძირული გემი გვიჩვენებს იმას, რომ ამ ვაჭრობის გარკვეული ნაწილი მაინც საზღვაო გზით ხორციელდებოდა“.

აღმოაჩინეთ
30 დოლარად შეძენილი ნახატი აუქციონზე 1,35 მილიონ დოლარად გაიყიდა
სალაჰის ტრანსფერის შემდეგ ტრაპიზონში ეგვიპტელი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა
ირლანდია 2027 წელსაც არ მიიღებს მონაწილეობას ევროვიზიაზე
მზის ჩასვლისას ხალხმრავლობა ნემრუტის მთაზე
მოჰამედ სალაჰი კარიერას თურქეთში გააგრძელებს
საფრანგეთში კიდევ ერთ ძვირადღირებულ მუზეუმში მომხდარმა ძარცვამ საზოგადოება შოკში ჩააგდო
მსოფლიო ჩემპიონატის ციებ-ცხელება ლოს-ანჯელესში: „Turkish Vibe Zone“ კარს ხსნის!
ზევგმის მოზაიკის მუზეუმმა 49 733 დამთვალიერებელს უმასპინძლა
გამარჯვება, რომელმაც ისტორიის მსვლელობა შეცვალა: სტამბოლის აღება
1,7 მილიონზე მეტმა მუსლიმმა ჰაჯის რიტუალი შეასრულა
8-ე ეთნოსპორტის კულტურის ფესტივალზე ბოლო დღის ღონისძიებები დაიწყო
ემინე ერდოღანი: თურქული სამზარეულო ჩვენი ყველაზე დახვეწილი კულტურული ელჩია
მე-8 ეთნოსპორტის კულტურული ფესტივალი დაიწყო
უკუთვლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის: გრანდიოზულ ტურნირამდე 5 კვირა დარჩა
პალესტინელმა ფოტოგრაფმა საჰერ ალღორამ ღაზაში თავისი მუშაობისთვის 2026 წლის პულიცერის პრემია მოიპოვა
ევროვიზიის წინ ისრაელის მიმართ პროტესტი და ბოიკოტის მოწოდებები იზრდება
TRT-ის მე-8 ჰუმანიტარული ფილმების ფესტივალზე განაცხადების მიღება დაიწყო
ლოცვიდან კონფლიქტამდე: მუსლიმები რამადან ბაირამს ახლო აღმოსავლეთში ომის ჩრდილქვეშ აღნიშნავენ
ოსკარის გამარჯვებულები ცნობილი გახდა
თურქეთის ჰიმნი - „დამოუკიდებლობის მარში“ 105 წლისაა