ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
მოჰამედ სალაჰი კარიერას თურქეთში გააგრძელებს
თურქეთში ჩამოსული სალაჰის გზავნილი „ტრაბზონსფორის“ ფანებს: „ძალიან მალე შევხვდებით“
მოჰამედ სალაჰი კარიერას თურქეთში გააგრძელებს
მოჰამედ სალაჰი კარიერას თურქეთში გააგრძელებს / Reuters
 

ეგვიპტელი ვარსკვლავის ტრანსფერით, პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ამიერიდან თურქეთის ლიგაში იასპარეზებს.

„ტრაბზონსპორმა“ დაადასტურა, რომ ეგვიპტელ ვარსკვლავთან სატრანსფერო მოლაპარაკებები გრძელდება, თავად მოჰამედ სალაჰმა კი „ტრაბზონსპორის“ გულშემატკივრებს შეტყობინება გაუგზავნა: „ძალიან მალე შევხვდებით“.

„ტრაბზონსპორმა“ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც 34 წლის თავდამსხმელი თვითმფრინავში 61-ნომრიანი შინდისფერი-ლურჯი მაისურით ჩანს. „61“ ტრაბზონის საავტომობილო სარეგისტრაციო ნომრის კოდია და ის ქალაქისა და კლუბის სიმბოლოდ ფართოდ გამოიყენება.

სალაჰმა პოსტში აღნიშნა: „ტრაბზონ, მზად ხართ? თქვენი ხმა მესმის. ძალიან მალე შევხვდებით. ჩვენთვის ყველა მხარე ტრაბზონია“.

ფრაზა „ჩვენთვის ყველა მხარე ტრაბზონია“ (Bize her yer Trabzon) „ტრაბზონსპორის“ გულშემატკივრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სლოგანია და ასახავს შავი ზღვისპირა კლუბის მჭიდრო კავშირს ქალაქსა და მთელი თურქეთის მასშტაბით არსებულ ფანებთან.

მოსალოდნელია, რომ სალაჰი სტამბოლში „ტრაბზონსპორის“ პრეზიდენტს, ერთუგრულ დოღანს შეხვდება, ხოლო ოთხშაბათს მასთან ერთად ტრაბზონში გაემგზავრება. კლუბს ჯერჯერობით არ გაუმჟღავნებია დეტალები შესაძლო კონტრაქტის ხანგრძლივობისა თუ ფინანსური პირობების შესახებ.

სალაჰმა „ლივერპული“ 2025-26 წლების სეზონის ბოლოს დატოვა, ინგლისურ კლუბში გატარებული ცხრა წლის შემდეგ. ეგვიპტელმა ფეხბურთელმა „ლივერპულის“ მაისურით 442 მატჩში 257 გოლი გაიტანა და 120 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც იან რაშისა და როჯერ ჰანტის შემდეგ კლუბის ყველა ოფიციალურ შეხვედრაში გატანილი გოლების რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდა. მან კლუბი ასევე „ლივერპულის“ პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირისა და საუკეთესო ასისტენტის ტიტულით დატოვა.

„ენფილდზე“ ყოფნისას სალაჰმა რვა დიდი თასი მოიგო, მათ შორის: პრემიერ ლიგის ორი ჩემპიონობა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, უეფა-ს სუპერთასი, ინგლისის ასოციაციის თასი (FA Cup) და ლიგის ორი თასი.

ინდივიდუალურ დონეზე, სალაჰი ოთხჯერ გახდა პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, სამჯერ მოიპოვა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის (PFA) წლის საუკეთესო მოთამაშის წოდება და სამჯერ - ფეხბურთის მწერალთა ასოციაციის (FWA) წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო.

სანამ 2017 წელს „რომადან“ „ლივერპულში“ გადავიდოდა, სალაჰი ასევე თამაშობდა „ბაზელში“, „ჩელსისა“ და „ფიორენტინაში“.

„ტრაბზონსპორი“ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც 1975-76 წლების სეზონში, სტამბოლის გუნდების გარდა, პირველ ლიგაში ჩემპიონობა მოიპოვა. შავი ზღვისპირა გუნდმა სუპერლიგის ბოლო ჩემპიონობა 2021-22 წლების სეზონში მოიპოვა.

აღმოაჩინეთ
უკრაინა: რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
მინისტრი ფიდანი ანკარაში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფიტოს შეხვდა
მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ნოემბერში გაიზარდა
WSJ: აშშ „უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ნატოს წევრობის“ იდეას აყენებს
აშშ-ში მასშტაბური ტექნოლოგიური შეფერხებების შემდეგ კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელი გაათავისუფლეს
Microsoft-ის CEO-ს გაფრთხილება: გლობალურ ინფრასტრუქტურაში შესაძლოა კრიზისი შეიქმნას
ზელენსკი: შეხვედრაზე, რომელშიც ის არ მონაწილეობს, უკრაინის შესახებ საუბარი შეცდომაა
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ვოტრენმა აღნიშნა, რომ მისი ჯარისკაცები დროდადრო უკრაინაში იმყოფებიან
მინისტრი ქურუმი: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ანტალიაში ძლიერი შეთანხმება წარმოვადგინოთ
ელ-ნინიოს გვალვამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვია
სენეგალის სანაპიროსთან, დაახლოებით 100 ადამიანის გადამყვანი მიგრანტების ნავი გადაბრუნდა
ტრამპი APEC-ის სამიტისა და სამმხრივი შეხვედრისთვის ჩინეთშია
თურქეთის მასპინძლობით ანტალიაში მიმდინარე COP31 მეორე კვირაა გრძელდება.
პუტინმა APEC-ის ბიზნესლიდერებს განუცხადა, რომ ეკონომიკური ზეწოლა „წარსულს ჩაბარდა“, და სის შეხვდა
აშშ-მა ირანის კუნძულ კეშმზე არაერთი თავდასხმა განახორციელა