თურქეთის საელჩომ ბაქოში განაცხადა, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ცნობები, თითქოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა აზერბაიჯანში ვიზიტისას „ფარული შეხვედრა გამართა“, უსაფუძვლოა.
საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ იმ წრეების დეზინფორმაციული მცდელობაა, რომელთა მიზანიც თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენებაა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოგიერთ მედიაორგანოში, პირველ რიგში კი „Qafqazinfo“-ზე გამოქვეყნებული სტატია სათაურით: „ჰაქან ფიდანის ახალგაზრდობის დახმარების ფონდში (GYF) გამართული შეხვედრის კულუარები“, უსაფუძვლო ბრალდებებს ეყრდნობა.
საელჩოს განცხადებით, ეს პუბლიკაცია წარმოადგენს თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების შელახვის მსურველი წრეების დეზინფორმაციულ მცდელობას. აქვე აღნიშნულია, რომ ფიდანმა ბაქოში ვიზიტის დროს, პროტოკოლური თავაზიანობის ფარგლებში, უამრავ ადამიანთან გადაიღო სამახსოვრო ფოტო, მათ შორის აზერბაიჯანში ლეგალური სტატუსის მქონე ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრებთანაც.
„მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს ბატონმა მინისტრმა ფარული შეხვედრა გამართა და სხვადასხვა მითითებები გასცა, სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს,“ - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, განცხადებაში ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში თითქოსდა გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით რეალობასთან სრულიად შეუსაბამო ცილისწამებები გავრცელდა და ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მსგავსი წერილი საერთოდ არ არსებობს.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ სტატიაში ნახსენები ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „საშინაო საქმეებში ჩარევის გეგმები“, „სადაზვერვო ოპერაციები“, „გადატრიალებისა და ქაოსის გეგმები“ და „გავლენის აგენტების მომზადება“, მიზანმიმართული სიცრუეა, რომლის მიზანიც აზერბაიჯანელი ხალხის თურქეთის წინააღმდეგ წაქეზებაა.
საელჩომ მოუწოდა აზერბაიჯანისა და თურქეთის საზოგადოებას, არ ენდონ აღნიშნულ ცილისწამებებსა და რეალობას მოკლებულ მანიპულაციურ მტკიცებებს.
საინფორმაციო ვებგვერდ „Qafqazinfo“-ზე გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფიდანმა ბაქოში ვიზიტის ფარგლებში თურქი ქველმოქმედების მიერ დაფუძნებული ფონდი მოინახულა, სადაც ფარული შეხვედრა გამართა და გარკვეული დავალებები გასცა. მოგვიანებით ეს სტატია საიტიდან წაიშალა.
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი 15 ოქტომბერს ბაქოში ვიზიტის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.




















