ევროკომისიამ საგანგებო სიტუაციების ახალი გზამკვლევი გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს, რომ კრიზისის შემთხვევაში მოქალაქეებმა პირველი სამი დღის განმავლობაში საკუთარი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება თავად შეძლონ, გაიარონ მზადყოფნის ტრენინგი და მიიღონ სანდო ინფორმაცია.
ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპა სულ უფრო ხშირად აწყდება „კომპლექსურ კრიზისებს“, რის გამოც ხორციელდება კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა მიზანია კონტინენტის „მდგრადობის გაზრდა“.
განცხადების თანახმად, ევროკომისიის თანასწორობის, მზადყოფნისა და კრიზისების მართვის საკითხებში პასუხისმგებელმა კომისარმა ჰაჯა ლაბიბმა ბრიუსელში გამართულ სამოქალაქო დაცვის მე-9 ევროპულ ფორუმზე მოქალაქეების საგანგებო სიტუაციებისთვის მომზადების მიზნით შემუშავებული ახალი გზამკვლევი წარადგინა.
ახალი გზამკვლევი ითვალისწინებს ღონისძიებების გატარებას, რათა მოქალაქეებმა საზოგადოებრივი დახმარების ამოქმედებამდე გასული პირველი სამი დღის განმავლობაში საკუთარი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება დამოუკიდებლად შეძლონ.
სასწავლო პროგრამებში საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის საკითხები შევა
გარდა ამისა, გათვალისწინებულია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის საკითხების სკოლამდელი და დაწყებითი განათლების სასწავლო პროგრამებში შეტანა, პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება და უფრო ინკლუზიური მოსამზადებელი ღონისძიებების შემუშავება, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც მოიცავს.
რეკომენდაციები ასევე ითვალისწინებს, რომ შესაბამისმა უწყებებმა საგანგებო სიტუაციამდე, მისი მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ მოქალაქეებს სანდო ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყონ.
ევროპის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის საერთო პრიორიტეტად ქცევის მიზნით, ასევე შემოთავაზებულია, რომ 2027 წლიდან ყოველწლიურად, 23 ოქტომბერი „ევროკავშირის მზადყოფნის დღედ“ გამოცხადდეს.




















