უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა: „დღეს პრეზიდენტ ერდოღანთან შევთანხმდით შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანზე მუშაობის გაგრძელებაზე. თურქეთი მხარს უჭერს ნაბიჯებს, რომლებსაც შეუძლია შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციისა და ნორმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად დოლმაბაჰჩეს საპრეზიდენტო ოფისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ერდოღანს მკაფიო და ყოვლისმომცველი თანამშრომლობისთვის და იმ მზადყოფნისთვის, რომ მხარი დაუჭიროს ყველა იმ პერსპექტიულ პროცესს, რაც უკრაინას რეალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევაში ეხმარება: „სიმბოლურია ისიც, რომ ჩვენი შეხვედრა შავი ზღვის საერთაშორისო დღეს დაემთხვა“, - აღნიშნა მან.
„რუსეთი 2014 წლიდან მოყოლებული აგრესიით ეტაპობრივად, განუწყვეტლივ აუარესებს ვითარებას შავ ზღვაში“, - განაცხადა ზელენსკიმ და ასე განაგრძო:
„თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ნაბიჯებს, რომლებსაც შეუძლია შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფა და შავი ზღვის რეგიონში ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენა“.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ერდოღანთან ერთად განიხილეს რამდენიმე ახალი იდეა და წინადადება, რომლებიც ამ მიმართულებით სასარგებლო იქნება: „მადლობას ვუხდი ბატონ ერდოღანს ამ დიალოგისთვის. განხილულ საკითხებს შორის სასურსათო უსაფრთხოებაც არის. დღეს ერდოღანთან შევთანხმდით შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანზე მუშაობაზე. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ ამ დერეფნის ფუნქციონირების შენარჩუნება და მისი ეფექტიანი მუშაობა“.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისინი ემზადებიან უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი ფორმატისთვის, რომელიც ნოემბრის პირველ ნახევარში იგეგმება: „ბატონ პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ ამ ფორმატის პერსპექტივები და სხვა შესაძლებლობები, განსაკუთრებით ამ პროცესში თურქეთისა და მთელი ევროპის ჩართვის შანსები, ასევე აქ - თურქეთში შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა“.
„მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძლიერი გადაწყვეტილებებია საჭირო“, - განაცხადა ზელენსკიმ და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთს ყველა დონეზე უნდა გადაეცეს მკაფიო გზავნილი: მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და უკრაინისადმი მხარდაჭერა არ შემცირდება.
ზელენსკიმ ასევე მიუთითა, რომ დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯები მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც რუსეთი იძულებული გახდება, გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის შესამცირებლად.
„ჩვენი ქვეყნები ბუნებრივი მოკავშირეები არიან თავდაცვისა და თავდაცვითი მრეწველობის სფეროში“
შეხვედრაზე თურქეთ-უკრაინის ორმხრივი თანამშრომლობის განხილვის შესახებ საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა:
„ჩვენი ქვეყნები ბუნებრივი მოკავშირეები არიან თავდაცვისა და თავდაცვითი მრეწველობის სფეროში. ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. ჩვენ ვმუშაობთ ახალ ერთობლივ ინდუსტრიულ და სხვა ეკონომიკურ პროექტებზე. ჩვენს ქვეყნებს შორის ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც ახალ შესაძლებლობებს უხსნის როგორც უკრაინულ, ისე თურქულ ბიზნესსექტორს“.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზღვებში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მიმართულებით მიღწეული პროგრესი ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სრული პოტენციალის რეალიზებასაც: „ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებშიც მნიშვნელოვანი პოტენციალი გაგვაჩნია. არსებობს პროექტები, რომლებსაც შეუძლია გააძლიეროს როგორც უკრაინა, ისე თურქეთი. განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც რუსები აძლიერებენ ტერორისტულ თავდასხმებს ჩვენი ქალაქებისა და სოფლების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, პარტნიორებთან ერთად განსახორციელებელ თითოეულ ენერგეტიკულ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ შეხვდნენ თურქეთის ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებსაც: „მომავალ კვირას ველოდებით გენერატორებისა და სხვა ენერგოაღჭურვილობის მიწოდების ზრდას“.
ზელენსკიმ დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის ბიზნესწრეების წარმომადგენლებმაც გამართეს შეხვედრა და ამისთვის მადლიერება გამოხატა.
უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ელის პრეზიდენტების დონეზე შეთანხმებული საკითხების სწრაფ განხორციელებას: „მადლობელი ვარ თურქეთის ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ რთული პირობების მიუხედავად, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში ჩვენი თანამშრომლობა სულ უფრო მტკიცდება“.




















