პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „მთელი გულით მჯერა, რომ XXI საუკუნე ‘თურქული სამყაროს საუკუნე’ იქნება. ანკარის სამიტი ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ახალ ჰორიზონტებს გახსნის, გაზრდის ჩვენი ორგანიზაციის გავლენას საერთაშორისო ასპარეზზე და კიდევ უფრო განამტკიცებს სოლიდარობას ჩვენს მოძმე ქვეყნებს შორის“.
პრეზიდენტ ერდოღანის სტატია, რომელიც თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის მე-13 სამიტისთვის დაიწერა, წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების წამყვან მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა. სტატია სათაურით - „თურქული სამყაროს საუკუნე: სოლიდარობიდან ინტეგრაციამდე“ - იმავე დღეს გამოქვეყნდა აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში (ჩკთრ), თურქმენეთსა და უნგრეთში.
ანკარაში დაგეგმილი სამიტის წინ გამოქვეყნებული სტატია პრეზიდენტმა ერდოღანმა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „თურქული სამყაროს ერთიანობა ჩვენი საერთო ისტორიიდან მემკვიდრეობით მიღებული ღრმა ფესვების მქონე მემკვიდრეობისა და საერთო მომავლის ჩამოყალიბების ნების ყველაზე ძლიერი გამოხატულებაა“, და მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა:
„საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მრავალ განსაცდელგამოვლილ ჩვენს მოძმე ხალხებს შორის არსებული სულიერი ხიდები დღეს თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის ეგიდით ქმნის ჩვენი პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და კულტურული სოლიდარობის მყარ საფუძველს. ჩვენი საერთო ისტორიული პასუხისმგებლობაა, რომ საერთო მიზნების მისაღწევად ამოქმედდეს თურქული სამყაროს უდიდესი პოტენციალი, კონკრეტული მიღწევებით განმტკიცდეს ჩვენი ერთიანობა და მომავალ თაობებს გადავცეთ უფრო ძლიერი თურქული სამყარო“.
ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა ანკარის სამიტის მნიშვნელობასა და თურქეთის მიერ თავმჯდომარეობის გადაბარების პროცესს: „თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის მე-13 სამიტს, რომელსაც ანკარაში თემით - ‘თურქული საუკუნე: ერთიანობა ენაში, აზრსა და საქმეში’ - გავმართავთ, მივიჩნევ უმნიშვნელოვანეს შეხვედრად, სადაც ეს საერთო ნება კიდევ უფრო გამყარდება. სამიტთან ერთად, იმ ვადით თავმჯდომარეობას, რომელსაც ძვირფასი აზერბაიჯანისგან გადმოვიბარებთ, განვიხილავ როგორც ისტორიულ პასუხისმგებლობას თურქული სამყაროს საერთო მიზნების მიღწევისა და ჩვენი ორგანიზაციის ინსტიტუციური ძლიერების გაზრდის თვალსაზრისით“.
„თურქული სახელმწიფოების სოლიდარობა სტრატეგიულ აუცილებლობად იქცა“
მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებებსა და თურქულ სახელმწიფოებს შორის სოლიდარობის მნიშვნელობაზე საუბრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა:
„მსოფლიო პოლიტიკა ძირეულ ცვლილებებს განიცდის. იმ პერიოდში, როდესაც საერთაშორისო სისტემას უჭირს სამართლიანობისა და უსაფრთხოების დამყარება, ხოლო ომები და კრიზისები ვრცელ რეგიონებს მოიცავს, თურქული სახელმწიფოების სოლიდარობა სტრატეგიულ აუცილებლობად იქცა. საერთო ნების გარშემო გაერთიანებულ თურქულ სახელმწიფოებს აქვთ ძალა, გადალახონ ურთულესი გამოწვევები და თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. თურქული სამყაროს ერთიანობის საფუძველია თითოეული მოძმე ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ნების პატივისცემა. ეს ერთიანობა როგორც საერთო ღირებულებებზე, ისე ურთიერთნდობასა და ორმხრივ ინტერესებზე დაშენდება“.
„თურქული სამყაროს ეკონომიკური ინტეგრაცია მთავარ პრიორიტეტთა შორისაა“
თავის სტატიაში თურქული სამყაროს ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის განხილვისას პრეზიდენტმა ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფნის) შესაძლებლობებზე:
„თურქული სამყაროს ეკონომიკური ინტეგრაცია წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, რომელსაც ჩვენმა ორგანიზაციამ მომავალ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. ამ თვალსაზრისით, კასპიისპირა აღმოსავლეთ-დასავლეთის ‘შუა დერეფანი’ ისტორიულ შესაძლებლობას იძლევა. დღეს, როდესაც აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობა ახალ ფორმას იძენს, თურქულ გეოგრაფიას აქვს პოტენციალი, გახდეს გლობალური სატრანსპორტო და ლოგისტიკური ქსელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი. ჩვენ ვავითარებთ რკინიგზას, პორტებს, საავტომობილო კავშირებსა და საბაჟო სისტემებს, როგორც ურთიერთშემავსებელ ერთიან მთლიანობას. ყოველი ინვესტიცია, რომელიც კასპიის ზღვის ორ სანაპიროს აკავშირებს, გაზრდის ვაჭრობას ჩვენს მოძმე ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს ჩვენს საერთო კეთილდღეობას“.
„ვაგრძელებთ სოლიდარობას კვიპროსელ თურქ ხალხთან“
პრეზიდენტმა ერდოღანმა სტატიაში ასევე ისაუბრა კვიპროსელი თურქი ხალხის უფლებების დაცვასა და თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციასთან მათი ურთიერთობების გაღრმავებაზე:
„ამ უძველესი ცივილიზაციის მიერ ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობაა, ნებისმიერ ვითარებაში გავუფრთხილდეთ ჩვენს ძმობას და დავიცვათ ერთმანეთის უფლებები და სამართალი. სწორედ ამ გაგებით ვაგრძელებთ სოლიდარობას კვიპროსელ თურქ ხალხთან, რომელიც თურქული სამყაროს განუყოფელი ნაწილია. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლებსაც ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას ჩვენს ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსი ანიჭებს, და მოძმე ქვეყნებთან მისი კავშირების განმტკიცებას. ჩვენ შევინარჩუნებთ მტკიცე პოზიციას კვიპროსელი თურქების მიმართ არსებული უსამართლო იზოლაციის შეწყვეტის, მათი სუვერენული თანასწორობისა და თანაბარი საერთაშორისო სტატუსის აღიარების მიმართულებით.
თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის გაძლიერება ასევე ხელს შეუწყობს ჩვენს საერთო გეოგრაფიაში მშვიდობისა და ურთიერთნდობის განმტკიცებას. ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული მიდგომით გააგრძელებს წვლილის შეტანას რეგიონულ და გლობალურ სტაბილურობაში“.
„მთელი გულით მჯერა, რომ XXI საუკუნე ‘თურქული სამყაროს საუკუნე’ იქნება“
პრეზიდენტმა ერდოღანმა სტატია შემდეგი სიტყვებით დაასრულა:
„მთელი გულით მჯერა, რომ XXI საუკუნე ‘თურქული სამყაროს საუკუნე’ იქნება. ანკარის სამიტი ამ მიზნისკენ ახალ ჰორიზონტებს გახსნის, გაზრდის ჩვენი ორგანიზაციის ეფექტიანობას საერთაშორისო ასპარეზზე და კიდევ უფრო გაამყარებს სოლიდარობას ჩვენს მოძმე ქვეყნებს შორის. ჩვენი უდიდესი ვალია, მუდმივი მიღწევებით დავაგვირგვინოთ ერთიანობის იდეალი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში გულით ვატარებდით, და მომავალ თაობებს ყველა ასპექტით უფრო ძლიერი თურქული სამყაროს მემკვიდრეობა დავუტოვოთ“.




















