ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა მას აცნობა, რომ 2027 წლის 7 თებერვალს თანამდებობის დატოვებას აპირებს.
კოშტამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა: „ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა მაცნობა, რომ 2027 წლის 7 თებერვალს თანამდებობის დატოვებას აპირებს. პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას“.
2019 წლის ნოემბრიდან ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფ ლაგარდს გაწეული თავდადებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა კოშტამ. მისი თქმით, ლაგარდი ბანკს მთელი თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით ხელმძღვანელობდა.
კოშტას განცხადებით, ლაგარდის ლიდერულმა უნარებმა გაურკვევლობის პერიოდში და ევროპული პროექტისადმი ერთგულებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპის განვითარებაში.
კოშტამ აღნიშნა, რომ გლობალური პანდემიის, ევროპაში ომის, ენერგეტიკული კრიზისებისა და ინფლაციური შოკების დროს ლაგარდი მტკიცე და თანმიმდევრულ ხელმძღვანელობას ახორციელებდა. მისი თქმით, ამ მიდგომამ ხელი შეუწყო ევროზონის სტაბილურობისა და მდგრადობის შენარჩუნებას.
მისი შემცვლელის დანიშვნის პროცესი დღეს დაიწყება
კოშტას განცხადებით, ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობაში შეუფერხებელი გარდამავალი პროცესის უზრუნველსაყოფად, ლაგარდის შემცვლელის დანიშვნის პროცედურა დღესვე დაიწყება და დაუყოვნებლივ წარიმართება.
მისი თქმით, დანიშვნის პროცესი ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად განხორციელდება. მიზანია, ევროზონის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება დროულად მიიღოს.
ლაგარდის ვადაზე ადრე გადადგომის შესახებ ინფორმაცია მანამდეც ვრცელდებოდა. ვარაუდობენ, რომ ლაგარდი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს. მისი უფლებამოსილების ვადა ჩვეულებრივ 2027 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო.
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადადგომა ევროპელ ლიდერებს შესაძლებლობას მისცემს, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალი ხელმძღვანელი შეარჩიონ.
ამ თანამდებობის მთავარ კანდიდატებად ნიდერლანდელი კლაას კნოტი და ესპანელი პაბლო ერნანდეს დე კოსი სახელდებიან.




















