ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 3 წუთი
კალასი: „თურქეთს ნატოსა და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საკვანძო როლი აკისრია“
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, კაია კალასმა, ალიანსის მოახლოებული სამიტის წინ, ნატოში ერთიანობის, უფრო ძლიერი თავდაცვითი თანამშრომლობისა და თურქეთთან უფრო მჭიდრო კონტაქტისკენ მოუწოდა.
კალასი: „თურქეთს ნატოსა და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საკვანძო როლი აკისრია“
კალასი: „თურქეთს ნატოსა და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საკვანძო როლი აკისრია“ / AA

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იმ პერიოდში, როდესაც თავდაცვის ალიანსი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს და მოკავშირეებს შორის ერთიანობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

სააგენტო „ანადოლუსთან“ (AA) მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კალასმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, ყოველი სამიტის წინ ამბობენ, რომ ეს ისტორიული შეხვედრაა; თუმცა ფაქტია, რომ იმ პერიოდში, როდესაც ტრანსატლანტიკური ურთიერთობები სერიოზული ზეწოლის ქვეშაა, ერთიანობისა და ერთსულოვნების ჩვენება არა მხოლოდ ალიანსისთვის, არამედ ჩვენი მეტოქეებისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია“.

კალასმა აღნიშნა, რომ მთელ რიგ გეოპოლიტიკურ საკითხებში თურქეთის ცენტრალური როლის გამო, ვიზიტის ფარგლებში მას თან ახლდებიან ევროკომისრები გაფართოებისა და მიგრაციის საკითხებში. ნატოს დღის წესრიგის ძირითად თემებს შორის მან დაასახელა თავდაცვითი წარმოების გაზრდა, შეკავების შესაძლებლობების გაძლიერება და იმის განხილვა, თუ „კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინისთვის“.

უარი ერთობლივი არმიის იდეას

კალასმა უარყო წინადადებები ცალკეული ევროპული არმიის შექმნის შესახებ და შეახსენა, რომ ევროკავშირის წევრებს უკვე ჰყავთ ეროვნული არმიები, რომლებიც ნატოს უფრო ფართო თავდაცვის სტრუქტურის ნაწილს წარმოადგენენ.

„შეუძლებელია, რომ ევროკავშირის თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ შექმნას კიდევ ერთი არმია, რომელიც შემდგომში ევროპულ ხელმძღვანელობას დაექვემდებარება. საფრთხეები რეგიონულია, ამიტომ პასუხიც რეგიონული უნდა იყოს“, - განაცხადა მან და მოუწოდა თავდაცვითი ინვესტიციების გაზრდისა და ევროპულ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო კოორდინაციისკენ.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი და ნატო მჭიდრო კონტაქტში არიან ფუნქციების დუბლირების თავიდან ასაცილებლად და ყურადღებას ამახვილებენ ალიანსის ფარგლებში „ევროპული საყრდენის“ გაძლიერებაზე. კალასის თქმით, ვინაიდან გარკვეული სამხედრო შესაძლებლობების ინდივიდუალურად შეძენა ძალიან ძვირია, წევრი ქვეყნები ერთობლივი შესყიდვების პროგრამებისკენ უნდა გადაიხარონ.

უკრაინის ომზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანი გაკვეთილებია გამოსატანი, განსაკუთრებით დრონების (უპილოტო საფრენი აპარატების) თავდაცვისა და ახალი სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში: „უკრაინისგან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, როდესაც საქმე ეხება ახალ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით დრონების საწინააღმდეგო თავდაცვას“.

„თურქეთს მშვიდობის მშენებლობაში წამყვანი როლი აკისრია“

კალასმა თურქეთს „ნატოს სიდიდით მეორე არმია“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას აქვს „ძალიან ძლიერი თავდაცვის ინდუსტრია“. მან დასძინა, რომ თურქეთს ევროპის უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობაში „ძალიან მნიშვნელოვანი და წამყვანი როლი“ აქვს. კავკასიაში მიმდინარე მოვლენებსა და ზოგად უსაფრთხოების გარემოზე მითითებით, კალასმა აღნიშნა: „ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს ეს კონსულტაციები თურქეთთან“.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ კვიპროსის საკითხი კვლავ რჩება მნიშვნელოვან თემად ანკარასა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებში. მან მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ძალისხმევას მხარეებს შორის დიალოგის წასახალისებლად და დასძინა: „ვფიქრობ, მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნა ბევრ კვანძს გახსნის“.

მიგრაციის, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობაზე საუბრისას კალასმა განაცხადა: „თურქეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორია“. მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაშიც და არის შეუცვლელი პარტნიორი რეგიონული კავშირებისა და უფრო ფართო რეგიონული საკითხების მოგვარებაში.

„იასრაელელი უკანონო მოსახლეები ორსახელმწიფოებრივ გადაწყვეტას ართულებენ“

ახლო აღმოსავლეთის საკითხზე საუბრისას კალასმა აღნიშნა, რომ ევროპა კვლავ რჩება როგორც პალესტინელების, ისე ორსახელმწიფოებრივი გადაწყვეტის (ისრაელისა და პალესტინის გვერდიგვერდ არსებობის) ძლიერ მხარდამჭერად. „როგორც ვხედავთ, მოძალადე მოსახლეები და უკანონო დასახლებები ორსახელმწიფოებრივ გადაწყვეტას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარის განცხადების შესახებ, რომ იგი მასთან კონტაქტს არ დაამყარებდა, კალასმა ხაზი გაუსვა დიალოგის აუცილებლობას. „ეს რთული საკითხია. თუმცა, თუ კრიტიკას ვერ უძლებთ, არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი რეაქციაა“, - თქვა კალასმა და აღნიშნა, რომ შეშფოთების გამოხატვისა და საკუთარი ხმის მიწვდენის საუკეთესო გზა სწორედ დიალოგია.

დასასრულს, კალასმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო გარემო სულ უფრო რთულდება, რაც მოკავშირეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას აუცილებელს ხდის. ეს კი თურქეთისნაირ ქვეყნებთან კონტაქტს უფრო მნიშვნელოვანს ხდის, ვიდრე ოდესმე. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თურქეთის სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონულ უსაფრთხოებაში, მიგრაციასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაში.

აღმოაჩინეთ
ვენესუელამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ძლიერი „ტყუპი“ მიწისძვრების შემდეგ
ტრამპი: თურქეთში ნატოს სამიტზე ერდოღანის გამო მივდივარ
გაერო: ისრაელის მიერ ბავშვების მიზანმიმართული ამოღება სამიზნედ ღაზაში მიმდინარე გენოციდის ნაწილია
თურქეთში იმიგრანტების რაოდენობა 2025 წელს 25,2%-ით გაიზარდა
ბაირაქტარი: „თურქეთმა აუცილებლად უნდა განავითაროს ბირთვული ენერგეტიკა“
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა დრონების თავდასხმებს რუსული საზოგადოების შესარყევად აწყობს
ომის დაწყებიდან მოყოლებული, თურქეთის 11-მა გემმა ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გაიარა
ანტალიაში ტურისტული აქტივობა გაიზარდა
პრეზიდენტი ერდოღანი ერაყის პრემიერ-მინისტრ ალი ზაიდის ესაუბრა
თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა აზერბაიჯანში შეხვედრები გამართა
თურქეთის ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე 125 598 მეგავატამდე გაიზარდა
საბერძნეთის სასამართლომ ოთხი წარმომადგენელი სასულიერო პირების წინააღმდეგ პროტესტის გამო დასაჯა
შუამავლების განცხადებით, აშშ-მა და ირანმა შვეიცარიაში მაღალი დონის მოლაპარაკებები დაასრულეს
ნატოს საპარლამენტო სამიტი სტამბოლში გაიმართება
იტალიაში ანომალიური სიცხის გამო 8 ქალაქში „წითელი“ განგაში გამოცხადდა