შუამავლების განცხადებით, დასრულდა შვეიცარიაში აშშ-სა და ირანის მაღალჩინოსნებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. აღნიშნული პროცესი დაძაბულად დაიწყო თეირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ხელახალი ჩაკეტვის გამოცხადებისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ირანზე თავდასხმების განახლების მუქარის ფონზე.
შუამავალი ქვეყნების, კატარისა და პაკისტანის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ და ირანი შეთანხმდნენ „საგზაო რუკაზე“, რომელიც 60 დღის ვადაში საბოლოო შეთანხმების მიღწევას ითვალისწინებს. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკური მოლაპარაკებები კვირის განმავლობაში შვეიცარიის მთიან კურორტ ბურგენშტოკში (Bürgenstock) გაგრძელდება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები შეთანხმდნენ მექანიზმზე, რომელიც ლიბანში კონფლიქტს დაასრულებს და გახსნეს საკომუნიკაციო ხაზი, რათა უზრუნველყონ სავაჭრო გემების უსაფრთხო გადაადგილება სადავო სრუტეში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ მიაღწია შეღავათებს ნავთობისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტზე, ზოგიერთი გაყინული აქტივის გათავისუფლებასა და ირანისთვის აღდგენისა და განვითარების გეგმის დაწყებას.
თეთრ სახლს კომენტარი არ გაუკეთებია კითხვაზე, დასრულდა თუ არა მოლაპარაკებები ამ ეტაპზე.
ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმის“ (Tasnim) ცნობით, ირანულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყება საჭიროებს ურთიერთგაგების მემორანდუმის სხვა პუნქტების შესრულებას, მათ შორის გაყინული აქტივების გათავისუფლებასა და აშშ-ის მხრიდან ირანის ნავთობის ექსპორტზე დაწესებული შეღავათების ამოქმედებას.
მეორეს მხრივ, არაღჩიმ ორშაბათს დილით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პაკისტანისა და კატარის შუამავლობით აშშ-სთან გამართულმა მოლაპარაკებებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ლიბანში ომის დასრულებისა და ირანის ეკონომიკაზე ზეწოლის შემსუბუქების კუთხით.

















