ანტალიაში, რომელიც წელს ყველაზე მეტ რუს, გერმანელ და ბრიტანელ ტურისტს მასპინძლობს, ივნისის თვიდან მოყოლებული აქტივობა კიდევ უფრო გაიზარდა.
სასტუმროების პროფესიონალ მენეჯერთა ასოციაციის (POYD) პრეზიდენტმა, ჰაქან საათჩიოღლუმ სააგენტო „ანადოლუს“ (AA) კორესპონდენტს განუცხადა, რომ მაისის ბოლოსთვის მათ 4 მილიონ 800 ათას სტუმარს უმასპინძლეს.
საათჩიოღლუმ აღნიშნა, რომ აშშ-ის, ისრაელსა და ირანს შორის არსებულმა დაძაბულობამ გავლენა მოახდინა ადრეული დაჯავშნის პერიოდზე და ხალხი მოლოდინის რეჟიმში გადავიდა. მან შემდეგი განაცხადა:
„ივნისის დასაწყისიდან ჯავშნების რაოდენობა გაიზარდა. დავიწყეთ ინტენსიური მოთხოვნის მიღება, ისევე როგორც გასულ წელს. ამჟამად ყველაფერი კარგად მიდის და ვფიქრობთ, რომ დასახულ ციფრებს ძალიან მივუახლოვდებით. რეიტინგი არ შეცვლილა: რუსები 450 ათასი ადამიანით კვლავ პირველ ადგილზე არიან. მეორე ადგილზეა გერმანია, სადაც 10%-იანი ზრდა გვაქვს - ანტალიაში 390 ათას გერმანელ სტუმარს ვუმასპინძლეთ. მესამე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, მეოთხეზე კი - პოლონეთი. გასულ წელსაც ზუსტად ასეთივე თანმიმდევრობა იყო“.
საათჩიოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ ივლისისა და აგვისტოს ჯავშნების მაჩვენებლები კიდევ უფრო იმედისმომცემია.
მისივე თქმით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის პერიოდი გონივრულად განვლეს: „სასტუმროების მფლობელები სიტუაციას ძალიან სწრაფად შეეგუვნენ. კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ გავახანგრძლივეთ ადრეული დაჯავშნის ვადები. სიმართლე გითხრათ, ახლა ამ გადაწყვეტილების ნაყოფს ვიმკით“.
მან ასევე გაიხსენა, რომ გასულ წლებში რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკრაინულ ბაზარზე მნიშვნელოვანი კლება იყო, თუმცა დასძინა: „უკრაინის ბაზარზე გასულ წელს 20%-იანი ზრდა გვქონდა, წინა წელსაც ასევე 20%-იანი მატება იყო. წელსაც სერიოზულ ზრდას ველოდებით. სხვა ბაზრები კი გასული წლის მაჩვენებლების პარალელურად ვითარდება“.



















