თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა (TÜİK) 2025 წლის „საერთაშორისო მიგრაციის სტატისტიკა“ გამოაქვეყნა.
ამ მონაცემების მიხედვით, თურქეთში ჩასულთა 56,6%-ს მამაკაცები, ხოლო 43,4%-ს ქალები შეადგენდნენ. საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოსახლეობიდან 91 952 თურქეთის მოქალაქეა, ხოლო 301 877 - უცხო ქვეყნის მოქალაქე.
თურქეთიდან საზღვარგარეთ წასული ადამიანების რაოდენობა გასულ წელს 2024 წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა და 403 216 შეადგინა. ამ მოსახლეობის 55,3%-ს მამაკაცები, ხოლო 44,7%-ს ქალები შეადგენდნენ. თურქეთიდან წასულთაგან 155 119 თურქეთის მოქალაქეა, 248 097 კი - უცხოელი.
ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ყველაზე მეტი ემიგრანტი 25-29 წლის ასაკის მოსახლეობაზე მოდის (14,3%). ამ ასაკობრივ ჯგუფს მოსდევს 20-24 წლის (12,5%) და 30-34 წლის (12%) ჯგუფები.
ყველაზე მეტი მიგრანტი სტამბოლმა მიიღო
2025 წელს თურქეთში ჩასული მიგრანტების ქალაქების მიხედვით განაწილებისას გამოჩნდა, რომ ყველაზე მეტი მიგრანტი (42,2%) სტამბოლმა მიიღო. სტამბოლს მოსდევს ანტალია (9,1%), ანკარა (6,7%), იზმირი (3,1%) და ბურსა (2,9%).
თურქეთიდან წასული მოსახლეობის ქალაქების მიხედვით განაწილებისას კი, სტამბოლი პირველ ადგილზეა 35,4%-ით. მას მოსდევს ანკარა (8,7%), ანტალია (6,5%), მერსინი (4,3%) და იზმირი (3,7%).
ყველაზე მეტი მიგრანტი თურქმენეთიდან შემოვიდა
2025 წელს ქვეყანაში ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის პირველი ადგილი თურქმენეთის მოქალაქეებმა დაიკავეს (23,4%). მათ მოსდევენ აზერბაიჯანის (8,3%), უზბეკეთის (6,9%), ეგვიპტისა (6,1%) და ავღანეთის (5,8%) მოქალაქეები.
თურქეთიდან წასულ უცხოელ მოქალაქეებს შორის კი პირველ ადგილზე ერაყის მოქალაქეები არიან (15,7%). მათ მოსდევენ ავღანეთის (11,2%), რუსეთის ფედერაციის (7,6%), ირანისა (6,3%) და თურქმენეთის (5,7%) მოქალაქეები.




















