ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. მისი თქმით, ამ თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, 29 კი დაშავდა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეში სამგზავრო მიკროავტობუსზე იერიში შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა. ამ თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორივე ქალაქში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
უკრაინის ლიდერის თქმით, რუსეთის არმიამ იერიშები ასევე მიიტანა სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ოდესისა და ხერსონის ოლქებზე. „ამ რუსული ტერორის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებით, ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ ქვეყნის მიმართულებით ნასროლი 180 უპილოტო საფრენი აპარატიდან 82-ის გაუვნებელყოფა მოხერხდა. განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ უკრაინის სხვადასხვა რეგიონში საჰაერო თავდასხმის საფრთხე კვლავ ნარჩუნდება.





















