ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფპეზეშქიანმა განაცხადა, რომ მზადაა საერთაშორისო საზოგადოებას მისცეს გარანტია იმისა, რომ მისი ქვეყანა არ ესწრაფვის ბირთვულ იარაღს ან რეგიონში დესტაბილიზაციას.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ფეზეშქიანმა აღნიშნა: „ჩვენ მანამდეც განვაცხადეთ ირანის გარდაცვლილი ლიდერის, ალი ხამენეის მოწამეობრივად აღსრულებამდე და ახლაც ვიმეორებთ: მზად ვართ მსოფლიოს მივცეთ გარანტია, რომ ბირთვულ იარაღს არ ვეძებთ“.
ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ რეგიონულ არასტაბილურობას სინამდვილეში თელ-ავივი აღვივებს და ისრაელი „დიდი ისრაელის“ ხედვის განხორციელების მცდელობაში დაადანაშაულა. მან ასევე დასძინა, რომ ირანელი მომლაპარაკებლები ქვეყნის „ღირსებასა და თავმოყვარეობაზე“ არასდროს წავლენ კომპრომისზე.
აშშ და ირანი ახლოს ჩანან შეთანხმებასთან, რომელიც დაასრულებს ომს, რომელიც 28 თებერვალს აშშ-ისრაელის თავდასხმებით დაიწყო და ირანის მხრიდან ისრაელისა და სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებითა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით გაგრძელდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეთანხმება „დიდწილად მოლაპარაკებულია“ და მოიცავს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას, მსოფლიო მალე „კარგ ამბებს მიიღებს“.
ტრამპის განცხადებამდე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ისმაილ ბექაიმ აღნიშნა, რომ ვაშინგტონთან „დაახლოებისკენ მიდრეკილება“ შეინიშნება, თუმცა გააფრთხილა, რომ „ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მივაღწევთ შეთანხმებას აშშ-სთან მნიშვნელოვან საკითხებზე“.
რეგიონული დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც თებერვალში აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიშები მიიტანეს. თეირანმა ამას ისრაელისა და ყურისპირეთის ქვეყნებში აშშ-ის მოკავშირეების წინააღმდეგ თავდასხმებითა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით უპასუხა.
პაკისტანის შუამავლობით 8 აპრილს ძალაში შესული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოგვიანებით ტრამპმა განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივა.


















