ორშაბათს, პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით განხორციელებული თავდასხმა სამხრეთ ვაზირისტანის დედაქალაქ ვანას ერთ-ერთ ბაზარში მოხდა, რომელიც ავღანეთის საზღვართან მდებარე ტომთა რეგიონია.
რეგიონის პოლიციის უფროსმა, მუჰამედ ტაჰირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფეთქების სამიზნე აჰმედზაის ტომის ლიდერის ავტომობილი იყო, რომელიც დაღუპულებს შორისაა. აღინიშნა, რომ აჰმედზაის ტომი ადგილობრივი მოსახლეობის 60%-ზე მეტს შეადგენს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.
არასტაბილურ მდგომარეობაში მყოფი სამხრეთ ვაზირისტანი პაკისტანის სხვადასხვა მებრძოლი დაჯგუფების ქოლგა ორგანიზაციის, „თეჰრიკ-ი-თალიბან პაკისტანის“ დაფუძნების ცენტრად ითვლება.
















