თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა საბერძნეთში 19 მაისს გამართული ზოგიერთი ღონისძიებისა და გაკეთებული განცხადებების შესახებ.
განცხადებაში ნათქვამია:
„1919 წლის 19 მაისი, თარიღი, როდესაც თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი, დიდი ლიდერი მუსტაფა ქემალ ათათურქი სამსუნში ჩავიდა და დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა საოკუპაციო ძალების, მათ შორის საბერძნეთის წინააღმდეგ, თურქი ერის მიერ დიდი ენთუზიაზმით აღინიშნება „ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღის“ ფარგლებში.
საბერძნეთი, 1994 წელს „პონტოს“ პრეტენზიებთან დაკავშირებით მიღებული ეროვნული კანონმდებლობით, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულ პრეტენზიებს აყენებს. ის მუდმივად აფართოებს ამ უსაფუძვლო ბრალდებებს და განათლების სამინისტროს ცირკულარით მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებით და საშუალო სკოლებში ბავშვებს ასწავლის.
საბერძნეთი, რომლის საოკუპაციო მცდელობაც „მეგალი იდეას“ ოცნების განსახორციელებლად წარუმატებლად დასრულდა, ჩვენი ქვეყნის მიმართ უსაფუძვლო „პონტოს“ პრეტენზიების წამოწევით ცდილობს შენიღბოს განცდილი მარცხი და ჩადენილი მძიმე დანაშაულები. ბერძნული არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები და სისასტიკე დაფიქსირებულია მოკავშირე სახელმწიფოთა საგამოძიებო კომისიის ანგარიშებში და ლოზანის საზავო ხელშეკრულების 59-ე მუხლში.
საბერძნეთის ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას პოლიტიკური მოტივებით ისტორიის მანიპულირებაზე და გაიხსენოს 1821 წლის ტრიპოლიცის ხოცვა-ჟლეტიდან დაწყებული თურქებისა და სხვა ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკე, ისევე როგორც 1919 წლის 15 მაისს იზმირის ოკუპაციის მცდელობით დაწყებული ბოროტმოქმედება დასავლეთ ანატოლიაში მცხოვრები თურქებისა და სხვა ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ.
მოვუწოდებთ საბერძნეთს, ფაქტების დამახინჯებით ისტორიიდან მტრობის გაღვივების ნაცვლად, გამოიჩინოს პოზიცია, რომელიც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს მშვიდობისა და თანამშრომლობის ფარგლებში განავითარებს.“



















