ევროკავშირის ინსტიტუტებმა მიაღწიეს დროებით შეთანხმებას ორ რეგულაციაზე, რომლებიც მიზნად ისახავს 2025 წლის 21 აგვისტოს ევროკავშირი-აშშ-ის ერთობლივი დეკლარაციის ტარიფებთან დაკავშირებული ელემენტების იმპლემენტაციას. ეს განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტრანსატლანტიკური სავაჭრო პაკეტის გარკვეული ნაწილების ოფიციალურად გაფორმებისა და ორ პარტნიორს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისკენ.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობასა და ევროპარლამენტს შორის მიღწეული შეთანხმება მიზნად ისახავს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობების უზრუნველყოფას და გარანტიების შექმნას, რომლებიც ევროკავშირის ეკონომიკური ინტერესების საფრთხის ქვეშ ყოფნის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების საშუალებას იძლევა.
საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების თანახმად, პირველი რეგულაცია აუქმებს დარჩენილ საბაჟო გადასახადებს აშშ-ის სამრეწველო საქონელზე და აფართოებს პრეფერენციულ წვდომას გარკვეულ ამერიკულ საექსპორტო პროდუქტებზე, მათ შორის სატარიფო კვოტებსა და შემცირებულ ტარიფებს გარკვეულ ზღვის პროდუქტებსა და ნაკლებად სენსიტიურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე.
მეორე რეგულაცია აგრძელებს ლობსტერის იმპორტზე, მათ შორის დამუშავებულზე, დაწესებული საბაჟო გადასახადების შეჩერების ვადას.
დროებითი შეთანხმება, სამართლებრივი და ტექნიკური ფორმის საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდეგ, ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს როგორც ევროკავშირის საბჭომ, ისე ევროპარლამენტმა.
რეგულაციები ძალაში შევა ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნებიდან მეორე დღეს.
ლობსტერთან დაკავშირებული ღონისძიება 2025 წლის 1 აგვისტოდან რეტროაქტიულად (უკუძალით) ამოქმედდება.














