ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი — ჩრდილოეთ ამერიკა, მას შემდეგ, რაც ბოლოს 1994 წელს უმასპინძლა ფიფას მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატს, 32-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ ხსნის კარებს ამ ტურნირისთვის. სანამ ჩემპიონატი კონტინენტს უბრუნდება, ის ამავდროულად ემზადება ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოებად (GOAT) აღიარებული ორი გიგანტის — კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის კარიერის ბოლო სცენად იქცეს.
20 წლის განმავლობაში პორტუგალიელმა რონალდუმ და არგენტინელმა მესიმ შეცვალეს გლობალური ფეხბურთის სახე, შექმნეს საკუთარი „ლიგა“ და ყველა სხვა ფეხბურთელისგან განსხვავებულ დონეზე იასპარეზეს. მოგებული თასებით, მოხსნილი რეკორდებითა და მწვერვალებით, რომლებზეც თავიანთი გუნდები აიყვანეს, მათ სახელები ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერეს. ახლა კი, თავიანთი დიდებული კარიერის მიწურულს, 41 წლის რონალდუ და 39 წლის მესი კაპიტნის სამკლაურით გაუძღვებიან ნაკრებებს ამ ბოლო საერთაშორისო თამაშში.
რეკორდების ლეგენდა: კრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირომ, რომელიც პორტუგალიაში, მადეირაზე დაიბადა, პროფესიული კარიერა 2002-2003 წლების სეზონზე „სპორტინგში“ დაიწყო. ინგლისურ გრანდთან, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამართულ ამხანაგურ მატჩში შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ, 2004 წელს იგი „წითელ ეშმაკებში“ გადავიდა. აქ მან ზედიზედ 3-ჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, ერთი ასოციაციის თასი და 2008 წლის ჩემპიონთა ლიგა.
2009 წელს მადრიდის „რეალში“ გადასულმა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ესპანურ გრანდთან ერთად მოიგო ყველა შესაძლო ტიტული, მათ შორის ლა ლიგა, უეფას ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი და ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. 2018 წელს იტალიურ „იუვენტუსში“ გადასვლისა და სერია A-ს ორი ჩემპიონობის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ მეორე პერიოდი გაიარა, რასაც მოჰყვა ტრანსფერი საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრში“, სადაც ამჟამად თამაშობს.
რონალდუმ 2025 წლის ნოემბერში CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წლის ჩემპიონატი მისთვის ნამდვილად ბოლო იქნება: „რადგან 41 წლის ვიქნები, ეს ცალსახად ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია. როცა ვამბობ, რომ მალე დავასრულებ კარიერას, ეს მართლაც ახლო პერიოდს გულისხმობს, რადგან ფეხბურთს ყველაფერი მივეცი. ბოლო 25 წელია ამ თამაშში ვარ, ყველაფერს მივაღწიე და ბევრი რეკორდი მაქვს. ამით ვამაყობ. ახლა დროა, ვიცხოვრო მომენტით და ვისიამოვნო“.
ამის საპირისპიროდ, პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა გამოხატა ნდობა გამოცდილი ფორვარდის მიმართ და აღნიშნა, რომ რონალდუს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში 45 წლის ასაკშიც კი შეუძლია. რადიო Cadena Ser-თან საუბრისას, კითხვაზე, შეძლებს თუ არა რონალდუ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს, მარტინესმა უპასუხა: „ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. მან ეს სრულად დაიმსახურა“.
მიუხედავად იმისა, ითამაშებს თუ არა 2030 წელს, რომელსაც პორტუგალია ესპანეთსა და მაროკოსთან ერთად უმასპინძლებს, ამ ტურნირზე რონალდუ გახდება პირველი მოთამაშე ისტორიაში, რომელიც 6 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. K ჯგუფში, სადაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, უზბეკეთთან და კოლუმბიასთან მოუწევს დაპირისპირება, რონალდუმ სოციალურ ქსელში გაზიარებული პოსტით — „მსოფლიო ჩემპიონატის მისია იწყება!“ — ნათლად გამოხატა მიზანი: მოუპოვოს ქვეყანას პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
პლეიმეიკერი გენიოსი: ლიონელ მესი
მაშინ, როცა რონალდუ ცნობილია თავისი ათლეტიზმით, გოლის ალღოთი და საჰაერო ორთაბრძოლებით, მესიმ ფეხბურთის სამყაროში სახელი დაიმკვიდრა უნიკალური სათამაშო ხედვითა და დრიბლინგის ოსტატობით. 1987 წელს არგენტინის ქალაქ როსარიოში დაბადებულმა მესიმ თითქმის მთელი პროფესიული კარიერა „ბარსელონაში“ გაატარა, სადაც ფეხბურთი თავიდან განსაზღვრა. კატალონიურ კლუბთან ერთად მან რეკორდული 35 ტიტული მოიგო, მათ შორის 10 ლა ლიგა, 7 ესპანეთის თასი, 4 ჩემპიონთა ლიგა და 3 ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.
2021 წელს საფრანგეთის „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლისა და იქ ორ წელიწადში მოგებული კიდევ 3 თასის შემდეგ, არგენტინელი ვარსკვლავი ამჟამად ამერიკის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის (MLS) გუნდ „ინტერ მაიამიში“ თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის სეზონამდე გაახანგრძლივა, მან არაერთხელ გაიმეორა, რომ ნაკრების დონეზე ეს ტურნირი მისი ბოლო გაჩერებაა.
2025 წლის სექტემბერში, ვენესუელასთან გამარჯვების შემდეგ, მესიმ თქვა: „არ მგონია, რომ ამ ასაკის შემდეგ კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე შევძლო თამაში, ეს ლოგიკურიცაა“. 2025 წლის დეკემბერში კი დასძინა, რომ მიუხედავად დიდი სურვილისა, ფიზიკური მდგომარეობის გამო ფრთხილია. მედიის, თანაგუნდელებისა და არგენტინის ფედერაციის მოლოდინი ერთია — ლეგენდარული მოთამაშე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებს დაემშვიდობება.
ორი შეუდარებელი გენია: მესი და რონალდუ
საფეხბურთო ავტორიტეტები თანხმდებიან, რომ ვერც ახალგაზრდა თაობა, როგორიცაა ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე, და ვერც მათი თანამედროვე ვარსკვლავები — ნეიმარი, ლუის სუარესი, კარიმ ბენზემა, მოჰამედ სალაჰი თუ რობერტ ლევანდოვსკი — ამ წყვილის დონესთან მიახლოებასაც კი ვერ ახერხებენ.
რონალდუ, კარიერის განმავლობაში გატანილი 970-ზე მეტი გოლით, ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და მიზნად ისახავს 1000-გოლიანი ბარიერის გადალახვას კარიერის დასრულებამდე. „ჩემპიონთა ლიგის ბატონად“ წოდებულმა ლეგენდამ „რეალში“ 450, „მანჩესტერ იუნაიტედში“ 145, „იუვენტუსში“ 101, ხოლო „ალ-ნასრში“ 100-ზე მეტი გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ის საუკეთესო ბომბარდირია 140 გოლით, ხოლო ეროვნული ნაკრებების დონეზე მამაკაცთა შორის ლიდერობს 143 გოლით. მას მოსდევენ მესი 116 გოლით და ირანელი ალი დაეი 108 გოლით.
მესი კი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა კარიერაში მოპოვებული 46 ჩემპიონობით. პროფესიულ კარიერაში მან 800-მდე გოლი გაიტანა: 672 „ბარსელონაში“, 35 პსჟ-ში და 67 „ინტერ მაიამიში“. ახალგაზრდა ვარსკვლავებისთვის, მბაპესა და ჰოლანდისთვის, ამ სტატისტიკის მიღწევა თუ გადაჭარბება ძალზე რთულ გამოწვევად ჩანს.
“ბოლო ცეკვა”
2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი (11 ივნისი – 19 ივლისი) ორივე მოთამაშისთვის ისტორიაში მე-6 მსოფლიო ფორუმი იქნება. მესიმ 2022 წელს უკვე მიაღწია მსოფლიო ჩემპიონობას, ხოლო რონალდუ შეეცდება გამოიყენოს ბოლო შანსი, რათა თავის მუზეუმს დიდი თასი შემატოს, ერთადერთი რაც აკლია.
ფეხბურთის მოყვარულთათვის ყველაზე საინტერესო დეტალი კი ისაა, რომ თუ ორივე გუნდი ჯგუფს ლიდერის პოზიციაზე დაასრულებს და ეტაპებს გადალახავს, არგენტინა და პორტუგალია შესაძლოა 11 ივლისს კანზას-სიტიში, მეოთხედფინალურ მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის შემდეგ ორივე მათგანი ყველა ტურნირზე მონაწილეობდა, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მათი გზები არასდროს გადაკვეთილა. ეს კი ფეხბურთის სამყაროს საშუალებას მისცემს, იხილოს ზღაპრული „ბოლო ცეკვა“.















