CNN-ის ჟურნალისტის, მორინ ო'ჰეარის მიერ მომზადებულ სტატიაში საუბარია სტამბოლის აეროპორტის შეუქცევად აღმასვლაზე გლობალური ავიაციის სექტორში. სტატიაში ხაზგასმულია აეროპორტის გიგანტური ზომები, „თურქეთის ავიახაზების“ (THY) გლობალური ფრენების ქსელი და ოპერაციული მოქნილობა, რაც მას ევროპელ კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს.
აღინიშნება, რომ სტამბოლი ისტორიული „აბრეშუმის გზის“ დროიდან მოყოლებული ყოველთვის იყო ვაჭრობის საკვანძო ცენტრი, ხოლო 21-ე საუკუნეში აეროპორტი უკვე „ცას მართავს“.
გლობალური მოგზაურობის მონაცემთა პროვაიდერ OAG-ის მიერ მომზადებული „Megahubs 2026“-ის ინდექსის მიხედვით, სტამბოლის აეროპორტმა ლონდონის ჰითროუს გადაუსწრო და მსოფლიოს საუკეთესო კავშირების მქონე აეროპორტი გახდა. რეიტინგში მესამე ადგილზეა ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტი, მეოთხეზე - კუალა-ლუმპური, ხოლო მეხუთეზე - ჩიკაგოს ო'ჰარე.
მანჰეტენზე დიდი ფართობი
ო'ჰეარი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ 2018 წელს გახსნილმა 12 მილიარდი დოლარის ღირებულების აეროპორტმა სწრაფი და შთამბეჭდავი დინამიკა აჩვენა. ხაზგასმულია, რომ ერთი სახურავის ქვეშ მოქცეული 1,4 მილიონი კვადრატული მეტრის ტერმინალი მსოფლიოში ყველაზე დიდია, ხოლო აეროპორტის საერთო ფართობი - 76,5 მილიონი კვადრატული მეტრი - მანჰეტენის ფართობზე დიდია.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ აეროპორტი, რომელიც წელიწადში 84 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება, გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმავს გამტარუნარიანობის წლიურად 200 მილიონ მგზავრამდე გაზრდას.
მომდევნო წლებში კონკურენციის გარეშე დარჩება
სტატიაში მოყვანილია OAG-ის მთავარი ანალიტიკოსის, ჯონ გრანტის კომენტარი, რომლის თქმითაც, სტამბოლის აეროპორტი პირველ პოზიციაზე ავიდა და მისი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების სიმძლავრის, „თურქეთის ავიახაზების“ წარმატებისა და შუა აზიის მსგავს განვითარებად ბაზრებთან სიახლოვის წყალობით, მომდევნო წლებში კონკურენციის გარეშე დარჩება.
სტამბოლის აეროპორტის აღმასრულებელმა დირექტორმა, სელაჰათინ ბილგენმა კი განაცხადა, რომ ეს მიღწევა ასახავს იმ პოზიციას, რომელიც მათ, როგორც გლობალურ საავიაციო ცენტრს, უკავიათ. მან აღნიშნა, რომ ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 350 მიმართულებით ემსახურებიან და ზრდას კვლავ გააგრძელებენ.






















