ეგვიპტის გიზის პროვინციის ქალაქ აიატში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 დაშავდა.
ეგვიპტის ჯანდაცვისა და მოსახლეობის სამინისტროს განცხადებით, კაირო-ასუანის სარკინიგზო ხაზზე მომხდარ ავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 112 კი დაშავდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა საავადმყოფოებში გადასაყვანად 72 სასწრაფო დახმარების მანქანა მობილიზდა, ხოლო მკურნალობის დასრულების შემდეგ 45 დაშავებული უკვე გაეწერა.
ამასთან, ეგვიპტის ეროვნული რკინიგზის ინფორმაციით, გიზიდან ქალაქ ფაიუმისკენ მიმავალი №134 მატარებელი დედაქალაქ კაიროდან ასუანისკენ მიმავალი №2010 სამგზავრო მატარებლის ბოლო ვაგონს შეეჯახა.
ავარიის გამო კაირო-ასუანის სარკინიგზო ხაზზე მატარებლების მოძრაობა ორივე მიმართულებით დროებით შეჩერებულია.























