ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებებში აღნიშნულია, რომ თავდასხმის მცდელობა საუდის არაბეთის სუვერენიტეტის დარღვევას წარმოადგენს და მუსლიმთა წმინდა ადგილების მიმართ მათ განსაკუთრებულ მგრძნობელობას უგულებელყოფს.
კატარმა მედინის მიმართულებით განხორციელებული თავდასხმის მცდელობა მუსლიმთა გრძნობების აშკარა პროვოკაციად, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის უგულებელყოფად და საუდის არაბეთის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა.
დოჰამ ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთის უსაფრთხოება კატარისა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნების საერთო უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.
ქუვეითმა თავდასხმის მცდელობა საუდის არაბეთის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევაა. ქუვეითმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს რიადის მიერ საკუთარი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად მიღებულ ყველა ზომას.
ბაჰრეინმა ასევე დაგმო ჰუსიტების მიერ მედინის მიმართულებით განხორციელებული ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმა და საუდის არაბეთის აღმოსავლეთ რეგიონზე დრონით შეტევა.
ბაჰრეინმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს რიადის უფლებას, გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, გამოიყენოს თავდაცვის უფლება. მან გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, ჰუსიტების თავდასხმების შესაჩერებლად შემაკავებელი ზომები მიიღოს.
იორდანიამ კი აღნიშნა, რომ მედინის მიმართულებით თავდასხმის მცდელობა მუსლიმთა გრძნობების პროვოცირებას ისახავს მიზნად და საფრთხეს უქმნის საუდის არაბეთის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას.
ამანის ხელისუფლებამ საუდის არაბეთის მიმართ სრული სოლიდარობა გამოხატა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და სტაბილურობის დაცვისკენ მიმართულ ნაბიჯებს.
არაბული კოალიციის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა თურქი ალ-მალიქიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კოალიციის ძალებმა ჰუსიტების მიერ წმინდა მედინის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტა და აღმოსავლეთ რეგიონში გაგზავნილი უპილოტო საფრენი აპარატი შეაკავეს და ჩამოაგდეს.
ჰუსიტების სამხედრო სპიკერმა იაჰია სარიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ დრონით ქალაქ დამამში მდებარე მეფე ფაჰდის საერთაშორისო აეროპორტს შეუტიეს. მისი მტკიცებით, თავდასხმამ საჰაერო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია.
იემენში სამოქალაქო ომი 2014 წლის სექტემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ჰუსიტებმა დედაქალაქ სანასა და რამდენიმე პროვინციაზე კონტროლი დაამყარეს.
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი არაბული კოალიცია 2015 წლის მარტიდან მხარს უჭერს იემენის მთავრობას, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს.
ბოლო პერიოდში იემენში სამთავრობო ძალებსა და ჰუსიტებს შორის შეტაკებები გახშირდა. ჰუსიტები აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ საუდის არაბეთს ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით უტევენ.






















