ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 3 წუთი
არაღჩი: ირანი ჰორმუზის პირობებზე „უკან არ დაიხევს“
თეირანმა განაცხადა, რომ თუ ვაშინგტონი მიიღებს პირობებს, მათ შორის რეგიონული კონფლიქტების დასრულებასა და სანქციების მოხსნას, ამ სტრატეგიულ საზღვაო გზაზე მიმოსვლა 7 დღეში აღდგება.
არაღჩი: ირანი ჰორმუზის პირობებზე „უკან არ დაიხევს“
არაღჩი: ირანი ჰორმუზის პირობებზე „უკან არ დაიხევს“ / Reuters Archive

ირანი, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებისკენ მიმართული წინადადება, ინარჩუნებს მტკიცე პოზიციას ჰორმუზის სრუტის ნავიგაციისთვის გახსნის პირობებთან დაკავშირებით.

ირანის სახელმწიფო ტელეკომპანია IRIB-ის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანის ხელმძღვანელობა თავის მოთხოვნებზე უკან არ დაიხევს. არაღჩიმ აღნიშნა, რომ პირობებს შორისაა რეგიონში კონფლიქტების დასრულება და თვეების წინ ჩაშლილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

„ჩვენი პირობები მკაფიოა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ამ პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული. ჩვენ დათმობებზე არ წავალთ. დიპლომატიის ან მოლაპარაკებების კარი არასდროს დაგვიხურავს, თუმცა ამავდროულად, ჩვენს უფლებებზეც არასდროს გვითქვამს უარი“, — განაცხადა არაღჩიმ.

კატარის შუამავლობით გადაცემული 7 პირობა

ირანის მიერ კატარის მეშვეობით ვაშინგტონისთვის გადაცემული წინადადება, პირობების მიღების შემთხვევაში, სრუტეში მოძრაობის 7 დღეში განახლებას ითვალისწინებს. თეირანის მოთხოვნებს შორის არის ლიბანში შეტაკებებისა და იემენში მტრული ქმედებების შეწყვეტა, გაყინული ირანული აქტივების განბლოკვა, ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მოხსნა და აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დასრულება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა კი შაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იგი მზად არის შეთანხმებისთვის, თუმცა უარყო შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის წინადადება. „ვინაიდან მათ მძიმე დანაკარგები განიცადეს, სურთ ისეთი შეთანხმების დადება, რომლითაც სრუტეს დაუყოვნებლივ გახსნიან. მათ შეთანხმების მიღწევა სურთ და ამას გაგებით ვეკიდები. მეც მიყვარს შეთანხმებების დადება“, — განაცხადა ტრამპმა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაღჩიმ აღნიშნა, რომ მათ იხილეს ტრამპის პირველადი პასუხი, თუმცა შუამავლების მეშვეობით ოფიციალურ განცხადებას ელიან: „ჩვენ ველოდებით, რომ შუამავლებმა გადმოგვცენ მკაფიო პოზიციები და ჩვენს გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებთ. არჩევანი უკვე აშშ-ზეა. ირანი არ მიიღებს ზეწოლას, მუქარას ან დაშინებას“.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრესსპიკერმა ჰოსეინ მოჰებმა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-თან საუბარში თეირანის მტკიცე პოზიციას გაუსვა ხაზი: „სანამ ირანის 7 პირობა არ შესრულდება, ჩვენ არ შევწყვეტთ აშშ-ის დასჯას“.

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა: „ირანი მოლაპარაკებების მაგიდას არ განრიდებია, თუმცა წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, აშშ-ს აღარ ენდობა“.

ჩაშლილი ცეცხლის შეწყვეტა და გამწვავებული დაძაბულობა

მსოფლიო ენერგომომარაგებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ჰორმუზის სრუტე ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაახლოებით შვიდი თვის წინ ირანზე განხორციელებული თავდასხმებით დაწყებული კონფლიქტის ეპიცენტრად იქცა. მხარეებმა ივნისში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ომის დასრულების, სრუტის გახსნისა და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, თუმცა შეთანხმება მალევე ჩაიშალა მას შემდეგ, რაც ირანმა ცეცხლი გაუხსნა კომერციულ გემებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, შეთანხმებულ მარშრუტს გადაუხვიეს.

ირანი, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მოტივით, მოითხოვს, რომ გემებმა სრუტის გავლამდე ნებართვა აიღონ. იმ გემებზე, რომლებიც ამ წესს არ ემორჩილებიან, თავდასხმები ხორციელდება, ხოლო აშშ, საპასუხოდ, ირანის სანაპირო ზოლის დაბომბვას განაგრძობს.

საუდის არაბეთისა და რუსეთის განცხადებები გაეროში

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ შეასრულა თავისი პასუხისმგებლობა ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეების ღიად შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ალ საუდმა აღნიშნა: „საუდის არაბეთი ეწინააღმდეგება ნებისმიერი მხარის მიერ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გასასვლელების გამოყენებას ზეწოლის, მუქარის ან სახელმწიფოების ინტერესებისთვის ზიანის მიყენების იარაღად“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა კი აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაში: „რუსეთი, სხვა პასუხისმგებელ სახელმწიფოებთან ერთად, მზად არის კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის სტაბილიზაციაში“.

აღმოაჩინეთ
„ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი არ არის საჭადრაკო დაფა, სადაც ზესახელმწიფოები ფიგურებს გადააადგილებენ“
აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს აეროპორტში დახვდა
ბერნემი აცხადებს, რომ ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ვითარებაზე დუმილს არ აპირებენ
მაკრონმა განაცხადა, რომ ღაზაში არსებული ვითარება ყველასთვის სამარცხვინოა
G7-ის მინისტრებმა ირანს მოუწოდეს, შეწყვიტოს იემენელი ჰუსიტების მხარდაჭერა
იაპონიაში მძვინვარე „დუჯუანის“ ტაიფუნს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
CNN-ის, Politico-სა და MS NOW-ის სარჩელი: თეთრი სახლის აკრძალვა სასამართლოში გადადის
გაეროს წევრი ქვეყნების ლიდერები 81-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ნიუ-იორკში შეიკრიბებიან
რუსეთი: „უკრაინაში ლოჯისტიკური ცენტრები, პორტები და გემები დავბომბეთ“
ტრამპი: „შემიძლია მთელი ირანი ავაფეთქო“
შვეიცარიაში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა
ტრამპი გაეროში უკრაინის, ბრიტანეთის და სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებს გეგმავს
საუდის არაბეთმა ჰუსიტების მიერ რიადის მიმართულებით ნასროლი ბალისტიკური რაკეტა გაანადგურა
პალესტინის მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა ფილადელფიაში ედ შირანის კონცერტი გააპროტესტეს
გენოციდური ისრაელის თავდასხმების ჩრდილში, ღაზაში 3-წლიანი პაუზის შემდეგ სწავლა განახლდა
პუტინი: კიევის ადმინისტრაციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს
ტრამპი სი ძინპინთან „ძალიან ნაყოფიერი“ შეხვედრის იმედს გამოთქვამს
ტრამპმა განაცხადა, რომ პოლონეთში აშშ-ის ბაზის შექმნის საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს
არაღჩი: „დღეს მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს სტრატეგიულ ბალანსს“
ანგარიში: „47 წელიწადში გრენლანდიასა და ანტარქტიდაში 12,5 ტრილიონი ტონა ყინული დადნა“