პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართვა 30 აგვისტოს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანა სიამაყით აღნიშნავს "Başkomutanlık Meydan Muharebesi"-ს სახელით ისტორიაში შესული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ეტაპის – დიდი გამარჯვების 104-ე წლისთავს. მან 30 აგვისტოს გამარჯვების დღე მიულოცა თურქ ხალხს, კვიპროსელ თურქებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ თანამემამულეებს.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სტუმრებსაც, რომლებმაც საზღვარგარეთ თურქეთის დიპლომატიურ მისიებში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა და განაცხადა: „30 აგვისტოს გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიწა, რომელზეც უკვე ათასი წელია თავისუფლად ვცხოვრობთ, ჩვენი უხსოვარი და მარადიული სამშობლოა. დიდმა გამარჯვებამ, რომელმაც ჩვენი რესპუბლიკის დაარსებას გაუხსნა გზა, მთელ მსოფლიოს აუწყა, რომ ჩვენი ერი ტყვეობას არასდროს შეეგუება, და ამავდროულად, ჩვენს რეგიონზე მიმართული იმპერიალისტური ალყის გარღვევის საფუძველი გახდა“.
ერდოღანის თქმით, 104 წლის წინ, მრავალი სირთულის მიუხედავად, ერის მიერ გამოჩენილი შეუპოვრობა, სიმამაცე და სიმტკიცე დღესაც უმთავრესი მოტივაციის წყაროა: „თურქეთი თავისი დიდებული ისტორიით შთაგონებული და თავდაჯერებული ნაბიჯებით მიიწევს მიზნებისკენ – ენერგეტიკიდან თავდაცვის მრეწველობამდე, მეცნიერებიდან და ტექნოლოგიებიდან საგარეო პოლიტიკამდე მიღწეული წარმატებებით. იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ომები, კონფლიქტები, კრიზისები და პოლიტიკური გაურკვევლობა იზრდება, თურქეთი გამოირჩევა პრინციპული, მტკიცე და ჰუმანურ ღირებულებებზე ორიენტირებული პროაქტიული პოლიტიკით“.
პრეზიდენტმა ერდოღანმა მიმართვაში ასევე ხაზგასმით აღნიშნა:
„სიამოვნებით მინდა განვაცხადო, რომ დღეს არსებობს თურქეთი, რომელიც წინ აღუდგება უსამართლობასა და ჩაგვრას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის; იცავს ჩაგრულს, ვინც არ უნდა იყოს იგი, და ამ გზაზე, საჭიროების შემთხვევაში, არც საფასურის გადახდას ერიდება. „სანამ ზემოთ ცა არ ჩამოიქცევა და ქვემოთ მიწა არ გაიპობა“, თურქეთსა და თურქ ერს თავის დიად ბრძოლაზე უარს ვერავინ ათქმევინებს“.























