გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ამურის ოლქში, მშენებარე ამურის გაზ-ქიმიური კომპლექსის სამშენებლო ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 9 ადამიანის ბედი კი ამ დრომდე უცნობია.
კომპლექსის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ობიექტზე გუშინ გაჩენილი ხანძრის შესახებ დეტალები გახდა ცნობილი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს ჩინეთის კიდევ 4 მოქალაქის ცხედარი იპოვეს, რითაც ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა (მათგან 1 რუსეთის, ხოლო 6 ჩინეთის მოქალაქეა).
ასევე აღინიშნა, რომ კონტრაქტორ კომპანიაში დასაქმებული ჩინეთის 9 მოქალაქის ბედი ჯერჯერობით უცნობია და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება; ინციდენტის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს 152-მა ადამიანმა მიმართა, ხოლო სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით 36 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სამშენებლო მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია, ხოლო მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში ჰაერში მავნე ნივთიერებების ზღვრული ნორმების გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.
რუსული კომპანია Sibur-ისა და ჩინური Sinopec-ის მიერ მშენებარე ამურის გაზ-ქიმიური კომპლექსი, სავარაუდოდ, მსოფლიოში პოლიმერებისა და გაზ-ქიმიური პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო გახდება.





















