სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასად ჰასან შეიბანმა პაკისტანში ოფიციალური ვიზიტისას თურქეთს სირიის აღდგენაში „საკვანძო პარტნიორი“ უწოდა.
ამ თვის დასაწყისში თურქეთის, საუდის არაბეთისა და პაკისტანის მიერ ხელმოწერილ მექას ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას ასად ჰასან შეიბანმა ხუთშაბათს ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სირია ამ საკითხზე მუშაობს.
შეიბანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ და თურქეთი „სირიის აღდგენაში საკვანძო პარტნიორად“ დაახასიათა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ 1000 კილომეტრზე მეტი სიგრძის საზღვარსა და ისტორიულ კავშირებზე.
ირანთან რაიმე სახის კონტაქტთან დაკავშირებით შეიბანმა განაცხადა, რომ ამ ქვეყანამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღიაროს ის, რაც სირიელ ხალხს გაუკეთა.
შეიბანმა დადებითად შეაფასა პაკისტანის როლი აშშ-სა და ირანს შორის დიალოგის პროცესში და აღნიშნა, რომ ისლამაბადს ამ ეტაპზე სირიასა და ირანს შორის რაიმე სახის შუამავლობის ინიციატივა არ წამოუყენებია.
შეიბანმა პაკისტანში თავისი ვიზიტი „წარმატებულად“ შეაფასა და განაცხადა, რომ პაკისტანი და სირია შეთანხმდნენ მინისტრთაშორისი ერთობლივი კომისიის აღდგენაზე, პირდაპირი ავიარეისების გაგრძელებაზე, ბიზნესსაბჭოს შექმნასა და საინვესტიციო ფორუმის ორგანიზებაზე.
ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ ორივე მხარეს იდენტური შეხედულებები აქვს და ორმხრივი ურთიერთობების უმაღლეს დონეზე აყვანა სურთ, შეიბანმა განაცხადა, რომ სირია პაკისტანში საკუთარ დიპლომატიურ წარმომადგენლობას ელჩის დონემდე აამაღლებს.





















