იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაამკაცროს უცხოელებისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის პირობები, რაც შემოსავლისა და იაპონური ენის ცოდნის კრიტერიუმებს უკავშირდება.
იაპონიის იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა საიმიგრაციო სამსახურის სააგენტომ განაახლა მუდმივი ბინადრობის ნებართვის წესები, რომელთა ამოქმედება 2027 წლის აპრილისთვის იგეგმება.
ახალი რეგულაციის თანახმად, განმცხადებლების შემოსავალი იაპონური ოჯახების საშუალო მაჩვენებელზე მაღალი უნდა იყოს და მათ უნდა დაამტკიცონ, რომ შეძლებენ საპენსიო შემოსავლის გარკვეული დონის მიღებას.
ასევე, განმცხადებლებს მოეთხოვებათ იაპონური ენის ცოდნის ისეთი დონე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, „დამოუკიდებლად გამოიყენონ ენა“.
პირობები გამკაცრდება იაპონიის მოქალაქეების ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირთა მეუღლეებისთვისაც.
თუ მანამდე მუდმივი ბინადრობის ნებართვისთვის საკმარისი იყო ქორწინებაში მინიმუმ 3 წელი და იაპონიაში 1-წლიანი ცხოვრება, ეს ვადები შესაბამისად 5 და 3 წლამდე გაიზრდება.



















