უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის კიევის ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა.
ზელენსკიმ იმავე Telegram-განცხადებაში დაამატა, რომ უფრო აღმოსავლეთით მდებარე ხარკივის ოლქში 28 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 9 ბავშვია.
თავის მხრივ, ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რუსეთის ვორონეჟის ოლქზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი.
გუსევმა აღნიშნა: „ღამისა და დილის საათებში ოლქის თავზე დაახლოებით 20 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა განეიტრალებული. ერთი ქალი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი ბავშვი მძიმედ დაშავდა, ხოლო ერთ მოზარდს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია“.
გუბერნატორის განცხადებით, ვორონეჟში გაჩენილმა ხანძარმა ერთი აგარაკი და სამი ავტოფარეხი დააზიანა, ასევე დაზიანდა ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და სახლების ფანჯრები და სახურავები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცალკე განცხადებაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათმა ძალებმა უკრაინის ლოგისტიკურ, საკომუნიკაციო და საპორტო ობიექტებთან ერთად ის გემებიც დააზიანეს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უწევდნენ მხარდაჭერას.
სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ სამიზნეებს შორის იყო კიევში მდებარე მონაცემთა ცენტრები, საწვავის ინფრასტრუქტურა და რეგიონში მდებარე ვასილკივის სამხედრო აეროდრომის ობიექტები.
განცხადებაში სამიზნეებს შორის ასევე დასახელდა ოდესაში მდებარე ლოგისტიკური ცენტრი, იზმაილის პორტის ინფრასტრუქტურა და გემთმშენებელ-გემშემკეთებელი საწარმო.
სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმა მიაყენეს ორ მშრალი ტვირთმზიდ გემსაც, რომლებსაც სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთი გადაჰქონდათ.


















