მოსაზრება
ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 8 წუთი
პრეზიდენტი ერდოღანი გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიოს მიმართავს
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაეროს გენერალურ ასამბლეას სამშაბათს, 22 სექტემბერს მე-16-ედ მიმართავს.
პრეზიდენტი ერდოღანი გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიოს მიმართავს
პრეზიდენტი ერდოღანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) გენერალურ ასამბლეას სამშაბათს, 22 სექტემბერს, მე-16-ედ მიმართავს სიტყვით.

პრეზიდენტმა ერდოღანმა პირველად, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, 2005 წელს გაეროს მე-60 გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ორგანიზაცია უფრო დემოკრატიულ, გამჭვირვალე და ყველა წევრის ნების ამსახველ სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს.

ერდოღანმა გენერალურ ასამბლეაზე მიმართვისას გააჟღერა გზავნილი: „უპირველეს ყოვლისა, თვითგანახლებადი, უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე, ყველა წევრის საერთო ნების წარმომადგენლობითი უნარის მქონე, საერთაშორისო დავების გადაჭრის საფუძველი, მსოფლიო მშვიდობის გარანტად აღქმული, ავტორიტეტული, ყველა წევრის მიერ დაფასებული, უფრო აქტიური და მტკიცე გაეროს ორგანიზაცია კაცობრიობის საერთო ინტერესებშია.“

თავის გამოსვლაში ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა ტერორიზმთან ბრძოლაზე და განაცხადა: „მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომხდარი ტერორისტული აქტი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, რომელიც ყველას გვისახავს მიზნად. ვგმობ ტერორიზმს და როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ტერორიზმის მწარე გამოცდილება, აქედან კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სოლიდარობისა და უფრო ეფექტური თანამშრომლობისკენ მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ ამ საფრთხესთან საბრძოლველად.“

იმ დღიდან მოყოლებული მისი გამოსვლები ისტორიულ არქივს წარმოადგენს, რომელიც ასახავს თურქეთის საგარეო პოლიტიკის ევოლუციასა და გლობალური საკითხებისადმი მის ხედვას.

2009 წელს გაეროს 64-ე გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას კი ერდოღანმა გაეროს სტრუქტურის რეფორმირების აუცილებლობაზე მიუთითა.

სამართლიანი და ინკლუზიური გლობალური წესრიგის დასამყარებლად გაეროს ეფექტიანობის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრისას ერდოღანმა განაცხადა: „გვჯერა, რომ გაძლიერებული წარმომადგენლობითი უნარის მქონე, დემოკრატიული, გამჭვირვალე, სამართლიანი და ეფექტური გაერო უფრო მეტ წვლილს შეიტანს გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უფრო ქმედით ინსტიტუტად უნდა იქცეს კლიმატის ცვლილების, მდგრადი განვითარების, სიღარიბესთან ბრძოლის, გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების დაცვის საკითხებში. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ მიზნისკენ მიმართულ რეფორმისტულ ინიციატივებს. თუმცა ცხადია, რომ გაეროს სისტემაში რეფორმა ვერ ჩაითვლება წარმატებულად მანამ, სანამ უშიშროების საბჭოც არ დაექვემდებარება რეფორმას.“

2011 წლის გაეროს 66-ე გენერალურ ასამბლეაზე ერდოღანი რეგიონულ თემებს შეეხო; მან გააჟღერა გზავნილები სირიის, ლიბიის, სომალისა და პალესტინის შესახებ და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მიწების მრავალწლიანი უსამართლო ოკუპაცია უნდა დასრულდეს.

ერდოღანმა განაცხადა: „ყარაბაღის პრობლემის ასე გადაუჭრელად დარჩენა სრულიად მიუღებელია; საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტა მანამ, სანამ ისინი განგრენად გადაიქცევიან, ჩვენი საერთო პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობაა.“

გლობალური გამოღვიძება ფრაზით: „სამყარო ხუთზე დიდია“

გაეროს ისტორიაში ერდოღანის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული განცხადება იყო 2014 წლის გამოსვლაში გაჟღერებული ფრაზა: „სამყარო ხუთზე დიდია“. ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრის ნებაზე დამოკიდებული გლობალური სისტემა უძლური აღმოჩნდა ისეთ კრიზისებში, როგორიცაა პალესტინა და სირია, ერდოღანი გახდა ლიდერი, რომელმაც ამ გამოთქმით საერთაშორისო საზოგადოებაში „გლობალური რეფორმის“ განხილვები წამოიწყო.

გაეროს რეფორმის აუცილებლობაზე საუბრისას ფრაზით „სამყარო ხუთზე დიდია“, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა:

„გაჭიანურების გარეშე, სანამ კიდევ უფრო მეტი ჩაგრული და უდანაშაულო ადამიანი დაკარგავს სიცოცხლეს და გლობალური სინდისი კიდევ უფრო მეტად დაზიანდება, გაერთიანებულმა ერებმა პრობლემების მოგვარებაში თავისი წონა უნდა გამოიყენოს. ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ სამყარო ხუთზე დიდია. გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი ქვეყნის მიერ გაეროს უმოქმედო მდგომარეობაში ჩაყენება მსოფლიოს რეალობასთან შეუსაბამო ფორმით, მიუღებელია გლობალური სინდისისთვის. ყველა მიღებული გადაწყვეტილება, როგორც ხედავთ, ერთი ქვეყნის ნებაზეა დამოკიდებული. თუ ის იტყვის „არას“, მაშინ – არა, თუ იტყვის „კის“, მხოლოდ მაშინ ხდება აღსრულება. როდესაც პალესტინაში სულ რამდენიმე თვეში 2 ათასზე მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, გაერომ მოსალოდნელი გამოსავალი ვერ გამონახა. როდესაც სირიაში 4 წლის განმავლობაში 200 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 9 მილიონამდე ადამიანი იძულებით გადაადგილდა, გაერომ კვლავ ვერ შეძლო ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება.“

მტკიცე გზავნილები ტერორიზმთან და FETÖ-სთან ბრძოლაში

2016 წელს, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობიდან მალევე, გაეროს 71-ე გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ერდოღანმა მსოფლიო FETÖ-ს საფრთხის შესახებ გააფრთხილა: „ეს ახალი თაობის ტერორისტული ორგანიზაცია ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ ყველა იმ 170 ქვეყნისთვის, სადაც ის საქმიანობს“, – რითაც მეგობარ ქვეყნებს ამ სტრუქტურის წინააღმდეგ ზომების მიღების აუცილებლობა შეახსენა. მომდევნო წლებში მან მსოფლიო დღის წესრიგში დააყენა ისეთ ორგანიზაციებთან ბრძოლა, როგორიცაა DEAŞ და PKK, და ყურადღება გაამახვილა თურქეთის ანტიტერორისტული ბრძოლის კრიტიკულ მნიშვნელობაზე გლობალური მშვიდობისთვის.

2018 წლის გაეროს 73-ე გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტმა ერდოღანმა გააკრიტიკა გაერო და პალესტინის საკითხი წამოჭრა.

„ფაქტია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დაშორდა კაცობრიობის მშვიდობისა და კეთილდღეობის მოლოდინების დაკმაყოფილებას,“ – განაცხადა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო გადაიქცა სტრუქტურად, რომელიც მხოლოდ ვეტოს უფლების მქონე 5 წევრის ინტერესებს ემსახურება და მსოფლიოს სხვა რეგიონებში მომხდარი სისასტიკის უბრალო მაყურებელია.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა:

„წარსულში ბოსნიაში, რუანდაში, სომალიში, უახლეს ისტორიაში მიანმარში და დღესაც პალესტინაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ყოველთვის გაეროს უშიშროების საბჭოს თვალწინ ხდებოდა. მათ, ვინც პალესტინელების მიმართ განხორციელებულ ჩაგვრაზე ხმას არ იღებენ, მათი მცდელობები, შეამცირონ დახმარება პალესტინელებისთვის, მხოლოდ მჩაგვრელების გათამამებას ემსახურება. თუნდაც მთელმა მსოფლიომ ზურგი შეაქციოს, ჩვენ, თურქეთი, გავაგრძელებთ ჩაგრული პალესტინელების გვერდით დგომას და ჩვენი პირველი ქიბლას – იერუსალიმის ისტორიული და სამართლებრივი სტატუსის დაცვას.“

ჩაგრულთა და სამართლიანობის ხმა: პატარა აილანი და პალესტინა

2019 წელს ერდოღანმა არალეგალური მიგრაციის კრიზისი მსოფლიო ლიდერების მეხსიერებაში „პატარა აილანის“ ფოტოთი აღბეჭდა, ხოლო 2023 და 2024 წლებში ისრაელის მიერ პალესტინაზე განხორციელებულ თავდასხმებზე გაამახვილა ყურადღება.

მუღლას პროვინციის ბოდრუმის რაიონში სანაპიროზე გამორიყული პატარა სხეულით არალეგალური მიგრაციის სიმბოლოდ ქცეული აილანის ფოტოს ჩვენებისას ერდოღანმა განაცხადა: „მსოფლიომ, სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად დაივიწყა მილიონობით ჩაგრული ადამიანი, რომელთა სიცოცხლის გადასარჩენად დაწყებული მოგზაურობა ხმელთაშუა ზღვის ბნელ წყლებში ან საზღვრებზე გაჭიმულ მავთულხლართებთან დასრულდა. განსაკუთრებით, აი, როგორც ხედავთ, პატარა აილანი მსოფლიომ ძალიან სწრაფად დაივიწყა. გახსოვდეთ, რომ ერთ დღეს შესაძლოა იგივე მდგომარეობაში თქვენც აღმოჩნდეთ. რადგან აილანის მსგავსი ბავშვები ერთი კი არა, ათასობით და მილიონობით არიან; ჩვენ ვალდებულნი ვართ მივიღოთ ზომები ამ ყველაფრის წინააღმდეგ.“

ტრიბუნიდან ისრაელის წლების განმავლობაში ექსპანსიონისტური რუკის ჩვენებით საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამო პროტესტის გამოხატვისას ერდოღანმა პალესტინის პრობლემაზე ისაუბრა:

„მაინტერესებს, სად არის ეს ისრაელი? ნეტავ რას მოიცავს ისრაელის ტერიტორია? სად იყო ისრაელი 1947 წელს, ამის შემდეგ სად იყო ისრაელი 1949, 1967 წლებში და სად არის ისრაელი ახლა? შეხედეთ, 1947 წელია – აქ ისრაელი თითქმის არ არის, მთლიანად პალესტინაა. 1947 წელს ჩნდება გაყოფის გეგმა, პალესტინა მცირდება, ისრაელი კი იზრდება. გადავდივარ 1949-სა და 1967 წლებზე – ისრაელი იზრდება, პალესტინა მცირდება. და მივდივართ დღევანდელ დღემდე – რეალობა ასეთია: პალესტინა ფაქტობრივად აღარ არსებობს, თითქმის მთლიანად ისრაელია... კმაყოფილდება ისრაელი? არა, არ კმაყოფილდება. ისრაელი ახლა ცდილობს დარჩენილი ნაწილიც მიითვისოს. კარგი, მაგრამ გაეროს უშიშროების საბჭოს, თავად გაეროს ამდენი რეზოლუცია აქვს მიღებული ისრაელთან დაკავშირებით, სრულდება ეს გადაწყვეტილებები? არა, არ სრულდება. მაშ, რისთვის არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია? თუ ამ ჭერქვეშ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქმედითი ვერ იქნება, სად უნდა იპოვოს ადგილი სამართლიანობამ? აი, სწორედ აქ არის ჩვენი პრობლემა.“

გადაწყვეტაზე ორიენტირებული დიპლომატია: შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანი

ერდოღანი წარმოჩნდა არა მხოლოდ როგორც მაკრიტიკებელი, არამედ როგორც პრობლემების გადამჭრელი ლიდერიც. რუსეთ-უკრაინის ომის დროს სტამბოლის შეთანხმებით შექმნილ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანს მან გაეროს ტრიბუნიდან „ბოლო წლებში გაეროს უდიდესი წარმატება“ უწოდა. ეს ნაბიჯი გახდა პროცესი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუდასტურა თურქეთის, როგორც კრიზისების მომგვარებელი მედიატორის როლი.

შეთანხმების ფარგლებში სტამბოლის სრუტეში მარცვლეულით დატვირთული გემის ფოტოს წარდგენისას ერდოღანმა განაცხადა: „ბატონ გენერალურ მდივანთან ერთად გაწეული ინტენსიური ძალისხმევის შედეგად, ჩვენ უზრუნველვყავით უკრაინული მარცვლეულის მიწოდება მსოფლიოსთვის შავი ზღვის გავლით. სტამბოლის შეთანხმების ორი თვის თავზე, რომელმაც ეს პროცესი შესაძლებელი გახადა, კმაყოფილებით ვადევნებთ თვალს გადაზიდვების ყოველდღიურ ზრდას. მარცვლეულის მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფაში კრიტიკული მნიშვნელობის ეს შეთანხმება გაეროს ერთ-ერთი უდიდესი წარმატებაა ბოლო წლებში. ამ წარმატებით კიდევ ერთხელ განახლდა იმ ადამიანების ნდობა გაეროს მიმართ მთელ მსოფლიოში, ვინც საერთაშორისო თანამეგობრობის იმედად არის დარჩენილი. სტამბოლის შეთანხმებამ ასევე დაამტკიცა, რომ მოლაპარაკებებს შეუძლია შედეგის მოტანა მხარეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებშიც.“

„მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) დამოუკიდებლობის აღიარებისკენ“

პრეზიდენტმა ერდოღანმა გაეროს 78-ე გენერალურ ასამბლეაზეც განაგრძო გაეროს კრიტიკა. მან გააჟღერა გზავნილები ტერორიზმთან ბრძოლის, ისლამოფობიისა და რასიზმის თაობაზე და შეეხო რუსეთ-უკრაინის ომს, პალესტინის საკითხსა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში განვითარებულ მოვლენებს.

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება ერდოღანმა: „მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღიაროს ჩკთრ-ის დამოუკიდებლობა, დაამყაროს დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები ამ ქვეყანასთან,“ – რითაც მსოფლიო სახელმწიფოებს ჩკთრ-ის აღიარებისკენ მოუწოდა. ერდოღანმა ასევე დასძინა: „მოველით, რომ კუნძულზე განთავსებული გაეროს სამშვიდობო ძალები დაიცავენ ნეიტრალიტეტს. არ გვსურს, რომ რეპუტაციაშელახულმა ამ ძალამ კვიპროსში კიდევ უფრო დაკარგოს ავტორიტეტი.“

ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის მიწაა, ერდოღანმა თქვა: „ჩვენ თავიდანვე მხარს ვუჭერდით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების პროცესს. თუმცა ვხედავთ, რომ სომხეთმა ვერ შეძლო ამ ისტორიული შანსის სათანადოდ გამოყენება. ველოდებით, რომ სომხეთი შეასრულებს დანაპირებს, პირველ რიგში, ზანგეზურის დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით. როგორც უკვე ყველასთვის ცხადია, ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. რაიმე სხვა სტატუსის თავს მოხვევა არასოდეს იქნება მიღებული.“

მოწოდება ისრაელის თავდასხმების წინააღმდეგ აღსადგომად

2024 წლის 24 სექტემბერს პრეზიდენტმა ერდოღანმა მე-14-ედ მიმართა გაეროს 79-ე გენერალურ ასამბლეას.

საერთაშორისო თანამეგობრობას ისრაელის თავდასხმების წინააღმდეგ დადგომისკენ მოუწოდა რა, ერდოღანმა განაცხადა: „იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ჯერ არ უღიარებიათ პალესტინა, მოვუწოდებ, ამ კრიტიკულ პერიოდში დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს და დაუყოვნებლივ აღიარონ პალესტინის სახელმწიფო. 1967 წლის საზღვრებზე დაფუძნებული, აღმოსავლეთ იერუსალიმის დედაქალაქობით, დამოუკიდებელი, სუვერენული და გეოგრაფიულად ერთიანი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბება აღარ შეიძლება გადაიდოს. როგორც 70 წლის წინ ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის ალიანსმა, ასევე ნეთანიაჰუ და მისი მკვლელების ბანდა უნდა შეაჩეროს კაცობრიობის ერთობლივმა ძალისხმევამ.“

გაეროს სტრუქტურის მიმართ კრიტიკის გამეორებისას ერდოღანმა თქვა: „სინანულით ვხედავთ, რომ ბოლო წლებში გაერო ვერ ასრულებს თავის დამფუძნებელ მისიას. ის სულ უფრო უფუნქციო, მოუქნელ და უმოქმედო სტრუქტურად იქცევა. ღირებულებები, რომლებსაც გამოხატავს ლოზუნგი „სამყარო ხუთზე დიდია“, დღეს გაცილებით უფრო მეტად გვესაჭიროება.“

პრეზიდენტ ერდოღანის გამოსვლა გაეროს 79-ე გენერალურ ასამბლეაზე, სადაც მან საერთაშორისო საზოგადოებას ღაზასთან დაკავშირებით მოქმედებისკენ მოუწოდა, უცხოურ მედიაშიც ფართოდ გაშუქდა.

ყურადღების ცენტრში კვლავ პრეზიდენტ ერდოღანის გამოსვლაა

ერდოღანი, რომელსაც გაეროს დღის წესრიგში შეაქვს მრავალი საკითხი – კვიპროსის პრობლემიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთამდე, ისლამოფობიიდან კლიმატის კრიზისამდე – 22 სექტემბრის გამოსვლაშიც გაუზიარებს მსოფლიოს პრობლემების გადაჭრის გზებს იმ მყიფე პროცესებთან დაკავშირებით, რომლებსაც მსოფლიო გადის.

პრეზიდენტ ერდოღანის გამოსვლას, რომელშიც იგი 2005 წლიდან მოყოლებულ რეფორმისტულ ხაზს დღევანდელ ახალ გლობალურ საფრთხეებთან დააკავშირებს, საერთაშორისო დიპლომატიურ წრეებში ყურადღებით დააკვირდებიან.

ერდოღანი, გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ვიზიტისას, საერთო დებატების გარდა, მსოფლიო ლიდერებთან კრიტიკულ ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

აღმოაჩინეთ
აშშ-მა პირველად დაადასტურა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა
გუშაგთა კორპუსი: „ჰორმუზის სრუტის დასავლეთით MQ-1 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ“
ნატოს გამანადგურებლებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეჭრილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
იშლება თუ არა დიდი ბრიტანეთი? შოტლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და უელსის ნაბიჯები გამოყოფისკენ
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი 15-16 სექტემბერს აზერბაიჯანს ეწვევა
საბერძნეთში არალეგალი მიგრანტების გადამყვანი ნავის ჩაძირვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 25 დაიკარგა
„ლიკუდის“ პარტია ქნესეთის არჩევნებში არაბული უმრავლესობის მქონე პარტიების დისკვალიფიკაციას მოითხოვს
ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ნამდვილი საბრძოლო მასალის გამოყენებით სამხედრო წვრთნები ჩაატარა
დასავლეთ თრაკიელი თურქების რეაქცია ქსანთიში მდებარე „ჩინარ მეჩეთზე“ განხორციელებულ თავდასხმაზე
ევროპის 9 ქვეყანამ აეროპორტებში შექმნილი ქაოსის შემდეგ შესვლა-გასვლის სისტემის ამოქმედება გადადო
ისრაელის პრესა: პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთი ახლო აღმოსავლეთში რთულ აქტორად აქცია
მინისტრი ფიდანი: სირია-თურქეთის ურთიერთობებმა ბოლო 2 წელში დიდი იმპულსი შეიძინა
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი სირიაშია
უკრაინამ თათრეთზე უპილოტოებით თავდასხმა განახორციელა
თურქეთმა უმკაცრესად დაგმო საუდის არაბეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმები