სისტემამ, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისგან თითის ანაბეჭდებისა და სახის სკანირების გავლას მოითხოვს, აეროპორტებში გრძელი რიგები გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთმა, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, მალტამ, პორტუგალიამ, იტალიამ და შვეიცარიამ საზღვარზე შეუფერხებელი გადაადგილების შენარჩუნების მიზნით ამ რეგულაციის ამოქმედება გადადეს.
ოქტომბერში სატესტოდ გაშვებული სისტემა სრულად ძალაში, სავარაუდოდ, აპრილამდე უნდა შესულიყო.
ქვეყნებს მიეცათ 150-დღიანი საშეღავათო პერიოდი, რაც მათ ზაფხულის განმავლობაში სამოგზაურო ქაოსის თავიდან ასაცილებლად კონტროლის დროებით შეჩერების საშუალებას აძლევდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ვადა 6 სექტემბერს ამოიწურა, ცხრა ქვეყანამ განაცხადა, რომ სანამ სისტემები გამართულად არ იმუშავებს, ისინი შემოწმებებს არ განახორციელებენ.
ავიაკომპანიების რეაქცია
ავიაკომპანიებმა და აეროპორტებმა ევროკავშირის მიერ ახალი სასაზღვრო კონტროლის მართვის პროცესი გააკრიტიკეს.
Ryanair-მა მოუწოდა, რომ აეროპორტებისა და სასაზღვრო სამსახურებისთვის საკმარისი დროის მიცემის მიზნით, EES-ისგან გათავისუფლების (გამონაკლისის) რეჟიმი სულ მცირე 2027 წლის აპრილამდე გახანგრძლივდეს.
Ryanair-ის საოპერაციო დირექტორმა, ნილ მაკმაჰონმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი თავიდან ბოლომდე კატასტროფა იყო და გაფრთხილებები არ იქნა გათვალისწინებული.



















