კიბერუსაფრთხოების კომპანია Report URI-ის ინფორმაციით, 178 მსხვილი ორგანიზაციის, მათ შორის Zoom-ის, BBC-ის, CNN-ის, HSBC-ისა და IKEA-ს ვებგვერდების ვიზიტორები მესამე მხარის კომპრომეტირებული ვებპლატფორმის მეშვეობით მიწოდებული მავნე JavaScript კოდების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ.
Report URI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამშაბათს მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალებულ სხვა მნიშვნელოვან პლატფორმებს შორის ასევე არიან Salesforce, GitLab, Equifax, Air France-KLM, კრიპტოვალუტის აპარატურული საფულეების მწარმოებელი Ledger და სამაუწყებლო პლატფორმა Peacock.
მრავალფუნქციური მავნე პროგრამა შექმნილია საგადახდო ბარათების მონაცემების ხელში ჩასაგდებად, კრიპტოვალუტის საფულის მისამართების თავდამსხმელთა კონტროლირებადი მისამართებით ჩასანაცვლებლად, ბრაუზერის ქუქი-ფაილების მოსაპარად და ეკრანის ანაბეჭდების გადასაღებად.
ანგარიშის თანახმად, Apple iPhone-ისა და iPad-ის მოწყობილობებში ინექცირებულმა კოდმა თან მოიტანა iOS-ის სისუსტეების გამომყენებელი (exploit) ნაკრებები, სახელწოდებით „Coruna“ და „DarkSword“. ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ განხორციელებული ტრანზაქციების საფუძველზე დადასტურდა თავდამსხმელებთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის ქურდობის ფაქტებიც.
მავნე კოდების უმეტესობა აღმოჩენისთანავე სწრაფად წაიშალა; ორშაბათს, 21:52 GMT-ის მდგომარეობით, დაზარალებული 188 კოდის ფრაგმენტიდან დაინფიცირებული სკრიპტი მხოლოდ ერთში ფიქსირდებოდა, მაშინ როცა 20:56 GMT-ზე ეს მაჩვენებელი 169-ს შეადგენდა.






















