გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში, თეთრ სახლთან ახლოს მდებარე რაიონში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისას, პირველადი მონაცემებით, 1 ადამიანი დაიღუპა, 4 დაიჭრა, ხოლო თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, შეიარაღებული თავდასხმა თეთრი სახლიდან დაახლოებით 1,5 კილომეტრის დაშორებით მოხდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლოგან სირქლის უბანში (აშშ-ის ადგილობრივი დროით დილით) მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ტერიტორიაზე უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი ზომები მიიღეს.
მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეფრი კეროლმა განაცხადა, რომ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა.
კეროლმა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილი პოლიციის დევნის შემდეგ დაადგინეს; მან ჯერ ბინაში ბარიკადი მოაწყო, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილმა სპორტდარბაზში სულ მცირე 1 ადამიანს ესროლა, შემდეგ გარეთ გავიდა და კვლავ გახსნა ცეცხლი.
წარმომადგენლის თქმით, სამართალდამცველების მონაცემებით, ეჭვმიტანილმა ავტოსადგომის ლიფტში კიდევ ერთ ადამიანს ესროლა, რის შემდეგაც შენობის მე-7 სართულზე ჩაიკეტა.
თავდამსხმელი გადაუდებელი დახმარების ექიმი აღმოჩნდა
გაირკვა, რომ შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი გადაუდებელი დახმარების ექიმი მეთ ლამბერტია.
მეტროპოლიტენის პოლიციამ NBC-ს განუცხადა, რომ ლამბერტს პრობლემები ჰქონდა იმ ფეშენებელური შენობის მმართველებთან, სადაც ცხოვრობდა, და აღნიშნულ მმართველ საბჭოსთან სასამართლო დავა ჰქონდა.
ვაშინგტონ DC-ის საქალაქო საბჭოს წევრმა ბრუკ პინტომ ადგილობრივ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ „სჯერა“, თავდამსხმელის მიერ სპორტდარბაზში მყოფი პირების მიზანში ამოღების მიზეზი აღნიშნული შენობის მმართველებთან არსებული პრობლემები იყო.























