ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ ორმა სუპერტანკერმა, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გავლას ცდილობდნენ, ავარია განიცადა, რის შემდეგაც გემებზე აფეთქება მოხდა.
„რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო-საზღვაო ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ჰორმუზის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ წუხელ ორმა სუპერტანკერმა, რომლებსაც 4 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი გადაჰქონდათ, გაფრთხილებების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტის „არაუსაფრთხო“ მარშრუტით გავლა სცადა, რა დროსაც ავარია შეემთხვათ, ავარიის შემდეგ კი ტანკერებზე აფეთქება მოხდა.
განცხადებაში, რომლის თანახმადაც ხანძარი ორივე ტანკერზე გაჩნდა, ავარიის კონკრეტულ მიზეზებზე ინფორმაცია მოცემული არ არის.
მას შემდეგ, რაც აშშ-მა 8 ივლისს თავდასხმები განაახლა, ირანმა 12 ივლისს ჰორმუზის სრუტე ნაოსნობისთვის კვლავ ჩაკეტა.
თეირანის ხელისუფლება იმუქრებოდა, რომ მიზანში ამოიღებდა იმ ხომალდებს, რომლებიც მის მიერ დადგენილი მარშრუტის მიღმა და „უნებართვოდ“ გადაადგილდებოდნენ.























