თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა (TÜİK) მიმდინარე წლის იანვარ-მარტის პერიოდის ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
მის მიხედვით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი აღნიშნულ პერიოდში, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, 4,2%-ით გაიზარდა და 9 მილიარდ 896 მილიონ 456 ათასი დოლარი შეადგინა. აღნიშნული შემოსავლიდან ვიზიტორებისგან მიღებულმა წილმა 9 მილიარდ 694 მილიონ 574 ათასი დოლარი, ხოლო ტრანზიტული მგზავრებისგან მიღებულმა შემოსავალმა 201 მილიონ 883 ათასი დოლარი შეადგინა.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 25,6% ქვეყნის იმ მოქალაქეებზე მოდის, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ.
ვიზიტორებმა მოგზაურობა ინდივიდუალურად ან პაკეტური ტურებით დაგეგმეს. ამ კვარტალში გაწეული ხარჯებიდან 8 მილიარდ 469 მილიონ 691 ათასი დოლარი ინდივიდუალურ ხარჯებზე, ხოლო 1 მილიარდ 224 მილიონ 883 ათასი დოლარი პაკეტურ ტურებზე მოდის.
აღნიშნულ კვარტალში ვიზიტორების საშუალო ხარჯმა ერთ ღამეზე 102 დოლარი შეადგინა. საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების საშუალო ხარჯი ერთ ღამეზე კი 72 დოლარი იყო.
ვიზიტორების 55,3% თურქეთში ყველაზე ხშირად „მოგზაურობის, გართობის, სპორტული და კულტურული აქტივობების“ მიზნით ჩავიდა. მეორე ადგილზე 26,8%-ით „ნათესავებისა და მეგობრების მონახულება“, ხოლო მესამე ადგილზე 8,2%-ით „შოპინგი“ აღმოჩნდა.
იმავე პერიოდში, საზღვარგარეთ გამგზავრებული მოქალაქეების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 13,1%-ით გაიზარდა და 2 მილიონ 936 ათას 279 ადამიანს მიაღწია, ხოლო საშუალო ხარჯმა ერთ ადამიანზე 758 დოლარი შეადგინა.



















