ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ქვეყნის სამხრეთში ისრაელის ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი და ორი ბავშვია.
სამინისტროს განცხადებით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ქვეყნის სამხრეთში ისრაელის თავდასხმებს 14 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 37 დაშავდა.
ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის არმიამ სამხრეთში მდებარე იარუნისა და ბინტ-ჯუბეილის დასახლებებს შორის სახლებისა და ინფრასტრუქტურის ნგრევა განახორციელა. სააგენტოს ცნობით, ისრაელის ძალებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ტირის (სურის) რეგიონში მდებარე დასახლება ბურჯ-კალავიეზე, ხოლო იმავე რეგიონში მდებარე მანსურისა და ბეით ალ-საიდის დასახლებები ცეცხლის ქვეშ მოაქციეს.
ნაბატიეს რეგიონში, ქფარ-ტებნიტზე ისრაელის თავდასხმისას, საარტილერიო ცეცხლმა დააზიანა დასახლება არნუნი და ალი ალ-ტაჰირის ტყიანი ტერიტორია. ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა იმავე რეგიონში მდებარე ზავტარ ელ-შარკიეზეც განახორციელეს რეიდები, რის შედეგადაც მეჩეთი და რელიგიური ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზი გაანადგურეს.
სააგენტოს ცნობით, ისრაელის ძალებმა მიზანში ამოიღეს ბეით-იაჰუნის დასახლება ბინტ-ჯუბეილის რეგიონში, ასევე განახორციელეს სამი რეიდი ბურჯ-კალავიეში, ერთი ქაფრაში და ერთიც ჯუბალ ელ-ბოტიმსა და სადიკინს შორის მდებარე ტერიტორიაზე.
ისრაელი აგრძელებს დარღვევებს
„ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელის პოზიციებზე მათი თავდასხმები არის საპასუხო რეაქცია შეთანხმების „მუდმივ“ დარღვევებზე.
მიუხედავად იმისა, რომ 17 აპრილს ძალაში შესული 10-დღიანი ზავი კიდევ სამი კვირით გახანგრძლივდა, „ჰეზბოლამ“ აღნიშნა: „ჩვენ ნათლად და მკაფიოდ ვადასტურებთ, რომ ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევას, თავდასხმებს, სახლების ნგრევასა და ლიბანის ტერიტორიების ოკუპაციას შესაბამისი პასუხი გაეცემა“.
ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილიდან მოყოლებული ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 500-ჯერ დაარღვია. „ჰეზბოლამ“ ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების დაბომბვას ამ დარღვევებზე „ლეგიტიმური პასუხი“ უწოდა.
„ზავის კვირიდან კვირამდე გახანგრძლივება რეალურ ცეცხლის შეწყვეტამდე უნდა მისულიყო,“ - განაცხადეს ორგანიზაციაში და აღნიშნეს, რომ ამის ნაცვლად ისრაელის აგრესია გამწვავდა.
ამავდროულად, ისრაელის არმიამ გამოაცხადა, რომ ლიბანის სამხრეთში მიმდინარე შეტაკებებისას ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.
ისრაელმა 2 მარტს ტრანსსასაზღვრო თავდასხმის შემდეგ, მასშტაბური საჰაერო იერიშების ფონზე, ლიბანში სახმელეთო ოპერაციაც დაიწყო. ლიბანელი მაღალჩინოსნების თქმით, მას შემდეგ ისრაელის თავდასხმებს 2 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1 მილიონზე მეტი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.















