კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, თუმცა მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმებების გაფორმების მიზნით.
პესკოვმა ოთხშაბათს ტელეკომპანია „ვესტისთვის“ (Vesti) მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პუტინმა არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა ზელენსკისთან შესახვედრად. მან აღნიშნა, რომ მთავარია შეხვედრის მიზანი და ნათელი უნდა იყოს, თუ რატომ ხვდებიან ლიდერები ერთმანეთს.
პესკოვის თქმით, პუტინი მოსკოვში ნებისმიერ დროს მზადაა შესახვედრად, თუმცა გადამწყვეტია, რომ შეხვედრა იყოს ნაყოფიერი, რაც მხოლოდ შეთანხმებების დასრულების შემთხვევაშია შესაძლებელი. მან ასევე დასძინა, რომ ასეთ შეხვედრას წინ სერიოზული მუშაობა უნდა უძღოდეს და ამ კონტექსტში უკრაინის მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობაზე მიუთითა.
„ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული“
ზელენსკიმ ოთხშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმატის შეხვედრისთვის მზადაა, თუმცა მოლაპარაკებების განახლება მათზე არ არის დამოკიდებული.
მან აღნიშნა, რომ პრინციპულად, მოლაპარაკებებისთვის პრიორიტეტული ის ადგილებია, სადაც ადრეც შედგა კონტაქტები და განსაკუთრებით თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთზე მიუთითა.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე შეახსენა საზოგადოებას რეჯეფ თაიფ ერდოღანის საუბარი ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან, სადაც აღინიშნა, რომ ანკარა ძალისხმევას არ იშურებს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აღსადგენად და დაპირისპირებული მხარეების ლიდერების შესახვედრად.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთისა და ბელარუსის გარდა, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ დროს მზადაა შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ სამმხრივი შეხვედრების ფორმატი უნდა აღდგეს.
ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები რამდენჯერმე გაიმართა, თუმცა ირანში მიმდინარე ომმა ეს პროცესი შეაჩერა.










