ლიბანური გაზეთ „ალ-ახბარის“ კორესპონდენტი ამალ ხალილი ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთში, დასახლება ეტ-ტირიზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა.
ხალილის ცხედარი, ფრილანსერ ფოტოკორესპონდენტ ზეინაბ ფარაჯისთან ერთად, იმ შენობის ნანგრევებიდან, რომელსაც მათ თავი შეაფარეს, ოთხშაბათს, რამდენიმე საათის შემდეგ ამოასვენეს.
გაზეთ „ალ-ახბარის“ თანამშრომელ ხალილთან ბოლო კონტაქტი დაახლოებით 16:10 საათზე შედგა, როდესაც მან ოჯახსა და ლიბანის არმიაში დარეკა.
ლიბანის არმიის მაღალჩინოსანმა როიტერს-თან საუბრისას დაადასტურა ცხედრის ნანგრევებიდან ამოყვანის ფაქტი.
ლიბანის ინფორმაციის მინისტრმა პოლ მორკოსმა და ქვეყნის ოფიციალურმა „ეროვნულმა საინფორმაციო სააგენტომ“ ასევე დაადასტურეს ხალილის დაღუპვა.
ლიბანური ტელეკომპანია „ალ-ჯადიდის“ ინფორმაციით, ხალილი და ფარაჯი მეზობელ ქალაქ ბინტ-ჯუბაილზე თავდასხმებს აკვირდებოდნენ, როდესაც დასახლება ეტ-ტირის მთავარ გზაზე სამოქალაქო ავტომობილზე განხორციელებული დარტყმიდან რამდენიმე წამში, შენობა, რომელსაც მათ თავი შეაფარეს, პირდაპირი თავდასხმის სამიზნე გახდა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელმა ორ ჟურნალისტს თვალი მიადევნა და მიზანმიმართულად დაარტყა თავშესაფარს.
ჟურნალისტების მიზანმიმართული ამოღება სამიზნეში
გავრცელებული ინფორმაციით, განუწყვეტელი თავდასხმებისა და მიყენებული ზიანის გამო, სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფებმა რეგიონში შეღწევა ვერ შეძლეს.
„ალ-ახბარის“ კორესპონდენტი ხალილი 2023 წლის ოქტომბერში დაწყებულ ისრაელ-ჰეზბოლას ომს ლიბანის სამხრეთის მრავალი წერტილიდან აშუქებდა.
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ (CPJ) ხალილის ცხედრის გამოყვანამდე საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ზეწოლა მოეხდინათ ისრაელის არმიაზე, რათა სამაშველო სამუშაოების ჩატარების საშუალება მისცემოდათ.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნავაფ სალამმა დაგმო ჟურნალისტ ამალ ხალილის მკვლელობა; მისი სამიზნეში ამოღება და სამაშველო ჯგუფების მისვლაში ხელის შეშლა მან პირდაპირ ომის დანაშაულად შეაფასა.
სალამმა თავის X-ანგარიშზე განაცხადა, რომ სამხრეთში მომუშავე მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართული დაზიანება ისრაელის მხრიდან აღარ შეიძლება ჩაითვალოს ცალკეულ შემთხვევებად. მან აღნიშნა, რომ ეს უკვე დადასტურებულ ტენდენციად იქცა, რაც დაგმობილია საერთაშორისო სამართლისა და ნორმების მიერ.
პრემიერმა დასძინა, რომ ლიბანი ძალისხმევას არ დაიშურებს ამ დანაშაულების გამოსაძიებლად და შესაბამის საერთაშორისო სასამართლოებში წარსადგენად.
ლიბანის „პრეს-კლუბმა“ ასევე განაცხადა, რომ ხალილმა საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა საფასური იმ საქმისთვის, რომლისაც სჯეროდა. მათ აღნიშნეს, რომ ეს თავდასხმა ისრაელის იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლების მიზანმიმართულ განადგურებას ისახავს მიზნად.
ლიბანის ოფიციალური პირების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ქვეყანაში ომი დაიწყო, 2 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.










