აბაშევმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინის არმიამ თათრეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი დრონი ნიჟნეკამსკში საცხოვრებელ სახლს მოხვდა: „თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა და ისინი ჰოსპიტალიზებულნი არიან. დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ“.
თათრეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რუსტამ მინიხანოვმაც სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ზაკამიეს რეგიონში მდებარე საწარმოები დაზიანდა.
მინიხანოვმა აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე სამუშაოები გრძელდება და დასძინა: „საწარმოებში საწარმოო პროცესი არ შეჩერებულა“.
განადგურებულია 200-ზე მეტი უკრაინული დრონი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში უკრაინის კუთვნილი 231 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა გაუვნებელყოფილი სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მოსკოვსა და აზოვის ზღვის თავზე.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმაც განაცხადა, რომ ღამიდან მოყოლებული მოსკოვის მიმართულებით მფრინავი 14 დრონი იქნა განადგურებული.

















